მთავარისაქართველომზადება საარჩევნო რეფორმისთვის

მზადება საარჩევნო რეფორმისთვის

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში პირველი მარტის ნაცვლად, ორ მარტს ოფიციალურად დაინიცირდა. საარჩევნო რეფორმის მიხედვით, მთავარ ცვლილებებს შორისაა შემდეგი საკითხები – ცესკო და საოლქო დონეები  8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით დაკომპლექტდება, პარიტეტული პრინციპის დაცვით -1 პარტია 1 წევრი. დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირებისა და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა. ეჭვის მიუხედავად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თითო ოლქში  5-5 უბანი გადაითვლება. ჯამში კი 365 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 10%-ია. აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. შეთანხმების მიღწევის შესახებ ერთობლივი განცხადება, რეფორმის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გააკეთეს.

მმართველი პარტია მზადაა განიხილოს საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში დეპუტატების ის რაოდენობა შევა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.


“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი მუშაობა ვიდრე,  პარლამენტი პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფთან კვლავ გავაგრძელებთ პროექტის დახვეწას, ისევე როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის დეტალების განხილვას“,- განაცხადა პარლამენტის საარჩევნო რეფორმის ჯგუფის თანათავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან შალვა პაპუაშვილმა.

მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება,  საარჩევნო ბარიერს ეხება. ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი პარტიის პარლამენტში შესვლის მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია.

„სხვა რომ არაფერი გამომივიდეს პოლიტიკაში მხოლოდ ეს დოკუმენტი თუ იქცევა კანონად და იქცევა კანონად, ორთვიანი განხილვები გველის, ეს იქნება საშვილიშვილო ამბავი. ამით არჩევნები და არჩევნების დღე დაიბრუნებს მთავარს, ნდობას. ეს არის რის გამოც თავააწეულები შემოვედით და კიდევ უფრო თავაწეულები ვართ დღეს. ყველას მოვუწოდებ აქიუტურად ჩაერთონ განხილვაში. წინ გველის ორი თვე და 1-ელი მაისისთვის ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩაწიკწიკებული საარჩევნო სისტემა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საარჩევნო რეფორმისა და სხვა საპარლამენტო საკითხების განხილვა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება რამდენიმე მხრიდან სცადეს. პოლიციამ 7 დემონსტრანტი, დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

„ეს არ არის ბლოკირება, გამწვავება, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით პროცესს და ბუნებრივია, თუ რეალური ნაბიჯები გადაიდგა, გუშინდელი კარგი დღის შემდეგ, მაშინ ყველაფერი სხვა კალაპოტში გადავა, ნორმალურ კალაპოტში. ეს ამოცანა გვაქვს დასახული, ეს პიკეტიც ამ ამოცანას ემსახურება“, – თქვა პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ქართული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს პარლამენტის სხდომების პარალელურად გეგმავს. მმართველი გუნდი კი მათ კვლავ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend