მთავარი საქართველო წყლის რესურსების მართვა საქართველოში

წყლის რესურსების მართვა საქართველოში

სანამ სასმელი წყალი სუფთა მდგომარეობაში ონკანამდე მოაღწევს, ის გრძელ გზას გადის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად მიიჩნევა, ამ რესურსის სწორად გამოყენების საკითხი მაინც აქტუალურია. მთავარ პრობლემებს წყლის გადანაწილება და დაბინძურება წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში შეიქმნა კურსი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ეხმარება წყლის რესურსის მართვისა და რაციონალურად გამოყენების შესახებ უფრო მეტი გაიგონ.

სალომე ტოროშელიძე გეოგრაფიის მასწავლებელია. ცოტა ხნის წინ კურსი მან თავად გაიარა, ახლა კი ცოდნას მოსწავლეებს უზიარებს.

„ბავშვები დიდი ინტერესით არიან განწყობილი ამ საგნის მიმართ. განსაკუთრებით მოსწონთ ანიმაციური ვიდეოები. მასალა ასაკობრივ კატეგორიებად არის დაყოფილი – მესამედან მეხუთე კლასამდე, მეხუთედან მერვემდე და მეცხრედან მეთერთმეტე კლასამდე. ამასთანავე, ამ პლატფორმის გამოყენება რამდენიმე სხვადასხვა საგნის მასწავლებელს შეუძლია“, – ამბობს გეოგრაფიის მასწავლებელი სალომე ტოროშელიძე.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო თხილავას განცხადებით, მიუხედავად წყლის უხვი რესურსისა, საქართველოში  ის არათანაბრად არის განაწილებული. წყლის მართვის პრობლემა აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია.

„კლიმატის ცვლილების გამო აღმოსავლეთ საქართველოში უფრო შემცირებულია წყლის რესურსი. ამიტომაც ამ რესურსებს უნდა მოხდეს მოფრთხილება და სწორი მართვა. ამისათვის სახელმწიფო არაერთ ღონისძიებას ატარებს – მაგალითად დაანონსებულია წყლის მართვის რეფორმა. ქვეყანა ინტეგრირებულ მართვის სისტემაზე გადადის“.

წყლის მართვის რეფორმას საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

„რეფორმა გულისხმობს ადმინისტრიციული მართვიდან მდინარეების აუზურ მართვაზე გადასვლას. ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია, მიუხედავად ამისა, მართვის ეს მოდელი მთელ მსოფლიოშია დამკვიდრებული“,- ამბობს ნინო თხილავა.

იმისათვის, რომ ქვეყანამ წყლის რესურსი სწორად მართოს, ექსპერტთა აზრით, რამდენიმე ცვლილებაა საჭირო. მათ შორის, მოხმარებული წყლის გაწმენდა და ხელახლა გამოყენება, დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა, ზღვის წყლისგან მტკნარი წყლის მიღება და წყლის რესურსის ძირითადი მომხმარებლების- ადამიანების- დაფიქრება ამ რესურსის გონივრულად გამოყენებაზე.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend