პანდემიის გამო ადამიანები ერთმანეთს ისე ხშირად ვეღარ ნახულობენ როგორც უნდათ. ვითარება კიდევ უფრო მძიმეა ინფიცირებულთათვის. საქართველოში 2 მარტის მონაცემებით კოვიდ-19-ს 2,161 ადამიანი ებრძვის, მათი ნაწილი ჯანმრთელობის საშუალო ან მძიმე მდგომარეობის გამო კოვიდ-კლინიკაშია. მათ უკან კი ოჯახები დგას. კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი თეკლა თორდიას მშობლები, გიამბობენ რამდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კონტაქტი ინფიცირებულთა ოჯახის წევრებისთვის.
“დედა ექიმმა მითხრა ბუშტები გაბერეო და მომიტან ფერად ბუშტებს? “, – ეს შეტყობინება 2020 წლის 24 ნოემბერს 19 წლის კოვიდინფიცირებულმა თეკლა თორდიამ დედას გაუგზავნა. ერთი დღის შემდეგ კი მშობლების კითხვას, უკანასკნელი მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა.
„25 ნოემბერს, ზუსტად ღამის 3 საათზე ბოლო მოწერილი. მორჩა სულ ეს იყო და ეს“, – ამბობს რატი თორდია, კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას მამა
მას შემდეგ კოვიდ-კლინიკაში 6 დღე მკურნალობდნენ. თეკლას მშობლების თქმით მძიმე დღეებში, მათ მდგომარებას ისიც ართულებდა, რომ კლინიკიდან მათი შვილის მკურნალობის შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებდნენ. თეკლას მკურნალმა ექიმმა, მშობლებისთვის მობილურის ნომრის მიცემა არ ისურვა, ამიტომ რატი თორდიასა და მის მეუღლეს ისევე როგორც სხვა კოვიდინფიცირებულთა ოჯახის წევრებს მათი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება მხოლოდ დღეში ერთხელ, 4 საათზე, კლინიკის ეზოში შეეძლოთ.
„ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. არც კოვიდსასტუმროში არ გვინახავს, აკრძალული იყო ასვლა. კლინიკაში რომ გადაიყვანეს, იქაც არ გვაჩვენეს. ფაქტობრივად რაც სახლიდან გავიდა მას შემდეგ ერთადერთი მომენტი იყო, როდესაც კოვიდკლინიკიდან ჩამოიყვანეს და სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს, დავინახეთ სულ რამდენიმე წამით, შორიდან. კლინიკიდან კომუნიკაცია საერთოდ არ იყო, ბოლომდე ინფორმაციასაც ვერ ვგებულობდით, რას უკეთებდნენ, როგორ იყო, რა უნდა გაგვეკეთებინა არაფერი ვიცოდით“,- ამბობს რატი თორდია, კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას მამა.
კოვიდინფიცირებულებს ხშირ შემთხვევაში სრულიად მარტო უწევთ უცნობ ვირუსთან გამკლავება. საქართველოს ზოგიერთ კოვიდ კლინიკაში ოჯახის წევრების მიერ დაწერილ წერილებს რეანიმაციაში მყოფ ინფიცირებულებს აწვდიან. ექიმები ამბობენ, რომ ეს კორონავირუსთან ბრძოლაში მათ ძალიან ეხმარებათ, თუმცა საკმარისი მაინც არ არის. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი კოვიდ-კლინიკის ინტენსიური განყოფილების ექიმს თამარ ტყეშელაშვილს, კოვიდპაციენტებთან ხშირად ფსიქოლოგის როლის შეთავსებაც უწევს.
„როდესაც კოვიდინფიცირებულებთან შევდივართ ეკიპირებას ვიცვამთ. ამის გამო მათ არ შეუძლიათ ჩვენი განწყობის დანახვა, ხშირად გთხოვენ, რომ ხელი მოვკიდოთ, იმისთვის, რომ იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. კოვიდინფექციისთვის მასობრივად დამახასიათებელია, რომ ყველას დისტანციურად ცხოვრება უწევს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არ აქვთ, ამიტომ ამ დანაკლისის ანაზღაურებას ჩვენთან ურთიერთობისას ცდილობენ“, – ამბობს თამარ ტყეშელაშვილი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძვანელი
ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა ხშირად ფიზიკურზეც ახდენს გავლენას. ინფიცირებულთა შემთხვევაში კი ეს უფრო ნათლად ჩანს. როგორც ფსიქოლოგი სალომე ბლიაძე ამბობს, პაციენტისთვის იმის გააზრება, რომ ინფიცირებულია ძალიან დიდი სტრესია. სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი საშუალება კი ახლობლებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭრა და გამხნევებაა.
„სოციალური კონტაქტები ზოგადად ადამიანისთვის ძალიან მნშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ როცა ის ინფიცირებულია, რადგან ეს მდგომარეობა მისთვის საკმაოდ სტრესულია. აქ არის შემოქმედებითი ფორმა უნდა მოიძებნოს, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ სოციალური მხარდაჭერა და ურთიერთობა“, – ამბობს სალომე ბლიაძე, ფსიქოთერაპევტი
კოვიდპაციენტებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან განშორება მთელს მსოფლიოში აწუხებთ. პორტუგალიაში ამ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნეს და პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების განწყობის ასამაღლებლად ერთ-ერთ საველე ჰოსპიტალში, ვირტუალური ვიზიტები დანერგეს.
ანანო ღუდუშაური