მთავარიკუბინამახვანჰესი - რას წერენ სოციალურ ქსელში

ნამახვანჰესი – რას წერენ სოციალურ ქსელში

28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები ჰესის მშენებელი თურქული კომპანიის ხეობიდან გაყვანას ითხოვენ.

აქციას ფართო გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელში. მომხმარებლების ნაწილი აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს. ისინი აქვეყნებენ მხარდამჭერ პოსტებს ჰეშთეგით #არანამახვანჰესს.

რა არის აქციის მიზანი და რას პასუხობს ხელისუფლება მოსახლეობას, „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თათული ჭუბაბრიამ ისაუბრა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ,ნებართვაც კი არ არის, რომელიც ამ კომპანიას მუშაობის გაწევის უფლებას მისცემს და მას შემდეგ კიდევ უფრო ესკალირდა სიტუაცია“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 
უფლებადამცველის თქმით, კომპანია მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგისგან თავს იკავებს.

„კომპანიას ზურგს უმაგრებს 2019 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება, რაზეც კიდევ უფრო ვრცლად არის საუბარი საჭირო, რა შესაძლებლობები და უფლებები დაუთმო სახელმწიფომ კომპანიას. მათი არგუმენტით, ჰესები იქნება ენერგოუსაფრთხოებისთვის გაკეთებული დიდი ინვესტიცია და ეს იქნება დასაქმებისთვის პროექტი. პირველს უარყოფს ის, რომ გასაჯაროებული ხელშეკრულების პირობებით ვხვდებით, რომ 15-წლიანი გარანტირებული შესყიდვის პირობის ამოწურვის შემდეგ, კომპანია ამზადებს ამ ელექტროენერგიას ექსპორტისთვის. ასევე ავალდებულებს ჩვენს ქვეყანას, რომ გააძლიეროს გადამცემი ხაზები და აქვე იკვეთება ის მიზანი, რომ ხაზები ძლიერდება თურქეთ-საქართველოს შორის და ელექტროენერგია ალბათ სრულ ექსპორტზე გავა და მეორეს მხრივ ფასი, 15 წლის განმავლობაში ვიცით, რომ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღევანდელი შესყიდვის ფასია დღეს საქართველოში“, – აღნიშნავს თათული ჭუბაბრია.

ნამხავანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულმა აქტივისტებმა კომპანიას ხეობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მათ მთავრობას ამისათვის 14 მარტამდე მისცეს დრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend