„ევრონიუს ჯორჯიამ“ პლატფორმა COVAX-იდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელიც ვაქცინაციას და გამოგზავნის ვადებს შეეხებოდა.
„პლატფორმა COVAX-ი ვარაუდობს, რომ ვაქცინის პირველ, ძირითად ნაწილს, მარტში გააგზავნის. ხოლო, ქვეყნებს, რომლებმაც უკვე შეასრულეს ჩვენს მიერ საერთო განცხადებაში გამოქვეყნებული კრიტერიუმები, ვაქცინა თებერვლის ბოლოს ნაადრევად გაეგზავნა. დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება პირველ გზავნილებს, გადაეცემა ყველა მონაწილეს და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
რაც შეეხება COVAX-ის კრიტერიუმებს:
1. პლატფორმის ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინის ავტორიზაცია უნდა გააფორმოს. ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს ვაქცინის გამოყენების სპეციალური ნებართვის გაცემით, რომელიც დაეფუძნება ჯანმოს მიერ მიღებულ „გადაუდებელი გამოყენების სიას“ [რომელიც არალიცენზირებული ვაქცინის რისკებს აფასებს იმისათვის, რომ მათი ლიცენზირება დაჩქარებული წესით განხორციელდეს].
2. ვაქცინის მისაღებად, პლატფორმის ყველა მონაწილე ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი მწარმოებელ კომპანიებთან ვაქცინის გამოყენებაზე პასუხისმგებლობის გაზიარების შესახებ. COVAX – ის პლატფორმა ამ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის დაჩქარებას ეხმარება. კერძოდ, COVAX ეხმარება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს პასუხიმგებლობის გაზიარების კონტრაქტის პირობების შემუშავებაში, რითაც დრო და რესურსი იზოგება, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგა, მათ კომეპენსაციის გადახდაში სპეციალური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ფონდი დაეხმარებათ.
3. დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა ჯანმოს კოვიდ-19-ის თანამშრომლობის პლატფორმაზე უნდა წარადგინონ ვაქცინის განაწილებისა და ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც მანამდე უკვე განიხილა და დადებითად შეაფასა COVAX – ის პლატფორმამ.
პლატფორმის წერილთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან შეფერხება არ ყოფილა.
„როდესაც ჩვენ ველოდით „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ, „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მისაღებად და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომელის დეტალებს 23 თებერვლის წერილში ჩვენ „კოვაქსი“ ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.
ავტორი: ანეტ მიქელაძე