ჩეხეთის რესპუბლიკა
ჩეხეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას „სპუტნიკს“ გამოიყენებს, თუკი მას ქვეყნის წამლის სააგენტო დაამტკიცებს – გადაწყვეტილება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა მიიღო. ბაბიშის განცხადებით, წამლის სააგენტოს თანხმობა საკმარისი იქნება და ჩეხეთის მთავრობა ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვას აღარ დაელოდება. ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეიკავოს ჩეხეთმა თავი რუსული ვაქცინის მიღებისგან, თუ ის უსაფრთხო და ეფექტურია და მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც წარმატებით იყენებენ.
დიდ ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში 20-მა მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, თუმცა გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში მაინც არსებობს ვაქცინის მიმართ უნდობლობა. ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში, უიოლთჰემსტოუში, ფერადკანიანი მოსახლეობის მხოლოდ 36-მა პროცენტმა მიიღო ვაქცინა მაშინ, როცა თეთრკანიანი მოსახლეობის 70 პროცენტი უკვე აიცრა. ექიმები აცხადებენ, რომ ვაქცინის მიმართ უნდობლობა ამის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. ნაჰიდ ხან-ლოდჰი ერთ-ერთი კლინიკის დირექტორია. ის ამბობს, რომ გარკვეული ეთნიკური ჯგუფები უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, რადგან შესაძლოა მათ საკუთარ ქვეყნებში ვაქცინაციასთან ან რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება ჰქონდათ. შესაძლოა ეს იყოს მათი უნდობლობის მიზეზი. აუცილებელია, ჯანდაცვის სპეციალისტებმა სათანადოდ აუხსნან მოსახლეობას ვაქცინის მნიშვნელობა და უსაფრთხოება, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამომწურავად უპასუხონ მოქალაქეებს.
ნიდერლანდები
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. კვირას ამსტერდამში პოლიციამ მომიტინგეები დაშალა, რომლებიც ახლად დაწესებულ გამკაცრებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები ბანერებით შეიკრიბნენ. „შეწყდეს კორონა დიქტატურა“- სკანდირებდნენ პროტესტის მონაწილეები. გასულ თვეს ნიდერლანდების ქალაქებში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ღამე დაწესებულ კომენდანტის საათსაც აპროტესტებდნენ.
გერმანია
გერმანიაში ამბობენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 65 წელს გადაცილებულებში უნდობლობას მას შემდეგ იწვევს, რაც ხანდაზმულებში მისი არაეფექტიანობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მეცნიერები უარყოფენ ამას, თუმცა ქვეყანაში მაინც არსებობს გამოუყენებელი მარაგები. ზოგიერთ რეგიონში კი აუთვისებელი დოზების გაცემა ახალგაზრდებში დაიწყეს, რამდენადაც 65 წელს გადაცილებულებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ სურთ.