უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ევროკავშირი ვაქცინის დისტრიბუციას ნელი ტემპებით ახორციელებს, რის გამოც მათ „სპუტნიკ ხუთისა“ და „სინოფარმის“ გამოყენება გადაწყვიტეს. მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს რომ მათთვის სულერთია თუ რომელ ვაქცინას გაიკეთებენ, თუმცა მათი ნაწილი მაინც ყოყმანობს.
უნგრეთში ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყეს. ვაქცინა უკვე ასობით ათასმა ადამიანმა გაიკეთა. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც „სინოფრამისა“ და „სპუტნიკ ხუთის“ ვაქცინები დაამტკიცა. ამით მთავრობა ცდილობს დაასრულოს პანდემია და ამავდროულად რუსეთისა და ჩინეთის გულები მოიგოს.
„ვაქცინის გაკეთებამდე ჩვენ პაციენტის ასაკსა და მიმდინარე დაავადებებს ვითვალისწინებთ. შემდეგ ჩვენ ვნახულობთ თუ რომელი ვაქცინა არის იმ მომენტში ხელმისაწვდომი. საბოლოოდ კი ვიღებთ გადაწყვეტილებას რამდენად შესაფერისია ესა თუ ის ვაქცინა პაციენტისთვის“, – ამბობს ოჯახის ექიმი მელინდა კის-ვეი.
უნგრეთში ამჟამად კორონავირუსის მესამე ტალღა მიმდინარეობს. მდგომარეობა მძიმეა. დღეში ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ნებისმიერ ვაქცინაზე თანახმაა. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ ყოყმანობს.
„მეგობარმა დამარწმუნა რომ ვაქცინა გამეკეთებინა. მან მითხრა, რომ კორონა ვირუსის გამო სამი მეგობარი დაეღუპა“, – ამბობს ვაქცინის ერთ-ერთი მიმღები.
დასავლეთში დამზადებული ვაქცინებისგან განსხვავებით „სინოფარმის“ დოზები შპრიცებში ცალ-ცალკე არის განაწილებული, რაც ოჯახის ექიმებს საქმეს უმარტივებს.
უნგრეთის მთავრობა ხშირად აკრიტიკებდა ევროკავშირის ვაქცინის ნელი დისტრიბუციის გამო. მილიონობით უნგრელი ახლა აღმოსავლური წარმოების ვაქცინებით აიცრებიან. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ევროკავშირი ცნობს თუ არა აცრილ ადამიანებს. პოლონეთის მთავრობის განცხადებით ისინი არ მიიღებენ უნგრეთის მოქალაქეებს ტესტის უარყოფითი შედეგისა ან კარანტინის გარეშე.