ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიზე ხალხი შეიკრიბა. მოქალაქეები აქ პროტესტის გამოსახატად მოვიდნენ. ზოგიერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერია, ზოგი კი აპოლიტიკური მოქალაქე, ვისაც ცვლილებები სურს. მათი მოთხოვნები ინდივიდუალური და ზოგადია. ითხოვენ მეტ თავისუფლებას, სამართლიანობას და სოციალურ თანასწორობას.
„ვინც აქ ვდგავართ, საქართველოსთვის ვიბრძვით. გვინდა რომ ვიყოთ თავისუფლები. 30 წელია ამას მოვითხოვთ და ისევ აქ ვართ. იმედი მაქვს, დღეიდან დაიწყება ცვლილებები“, – ამბობს ქალბატონი რუსუდან გვასალია.
ხალხთან ერთად ფილარმონიასთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. შემდეგ იყო ფეხით მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს ეჭირათ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და სხვა მეგობარი ქვეყნების დროშები, საპროტესტო ტრანსფარანტები და პლაკატები. პოლიტიკურმა ლიდერებმა შეკრებილ ხალხს რიგრიგობით სიტყვით მიმართეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას, ხელისუფლების მხრიდან, რამდენიმე მოთხოვნის შესრულების შემდეგ ხედავენ.
„საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას არ დავუშვებთ. ასევე არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელსაც მითვისებული აქვს ძალაუფლება, საქართველოს დემოკრატია ეჭვქვეშ დააყენოს. ამიტომ არის ამდენი გულანთებული ადამიანიც გამოსული. ბრძოლას აქვს აზრი!“ – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
საპროტესტო აქცია მშვიდობიან ვითარებაში დასრულდა. პოლიტიკოსების ცნობით, აქციები გაგრძელდება. პერიოდულად იქნება სახელწმიფო დაწესებულებები პიკეტირება. აპირებენ, რომ მმართველი გუნდის წევრებს და მაღალი თანამდებობების პირებს დისკომფორტი შეუქმნან. საბოლოოდ კი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას, მათი თქმით თავად ხელისუფლებაც დაინახავს.
ალეკო გვეტაძე