ოპოზიცია გრძელვადიანი და მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება. ქართული ოპოზიციის ლიდერების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, დღეს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაიმართა, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ, ამავე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ დააპატიმრა.
მასშტაბური, ლოკალური და უწყვეტი საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში – ასეთია გეგმა, რომელიც ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა დასახა. აქციების გარდა, ოპოზიცია გეგმავს, რომ პარლამენტარებსა და მინისტრებს სირცხვილის დერეფნები მოუწყოს. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს გზა იოლი არ იქნება და არც მოკლე დროში ელიან ხელისუფლებისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუმცა, საზოგადოებას გამძლეობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
“პროტესტი იქნება უწყვეტი, გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება გულანთებული პატრიოტებისთვის, რომ ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებშიც. იქნება პიკეტები, „სირცხვილის კორიდორები“, იქნება ასევე აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან, იმ სამინისტროებთან, რომლებიც გამოდიან როგორც „ოპრიჩნიკები” და არბევენ და ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. რეგიონებშიც იქნება მანიფესტაციები და მსვლელობები. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა დაშვებული ხერხი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
ხელისუფლება ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ მალე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია პარლამენტში შევა და პოლიტიკური პროცესები ნორმალიზდება.
„მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა. შემდეგ ყველაფერზე ვისაუბრებთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიცია 26 თებერვალს, ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს. პარლამენტთან მიტინგის შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, სადაც მათი თქმით, მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
ალეკო გვეტაძე