მთავარი ევროპა გერმანია კორონავირუსის პანდემია და ბავშვები

კორონავირუსის პანდემია და ბავშვები

კორონავირუსის პანდემია ყველას შეეხო. განურჩევლად მათი პროფესიისა თუ ასაკისა. გამონაკლისს არც ბავშვები წარმოადგენენ. გერმანიაში ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსტეტის ბავშვთა ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იოჰანეს ჰიუბნერი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიისა და მისგან გამოწვეული შეზღუდვების შედეგად ყველაზე მეტად სწორედ მცირეწლოვნები დაზარალდნენ.


რამდენად გაითვალისწინეს კორონავირუსის კრიზისის დროს გერმანელმა პოლიტიკოსებმა ბავშვების მდგომარეობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მიუნხენში ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ იოჰანეს ჰიუბნერს გავესაუბრეთ. იგი აცხადებს, რომ სკოლები მასობრივი გავრცელების წყარო არ არის და რომ ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამი ბავშვებზე იმაზე მეტად ნამდვილად არ მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი კორონავირუსი.

იოჰანეს ჰიუბნერის განცხადებით, პანდემიის დროს სკოლები სიფრთხილისა და არასაკმარისი ინფორმაციის გამო დაიხურა. თუმცა იგი ეთანხმება თავისი კოლეგებისა და ეპიდემიოლოგების მოსაზრებას და თვლის, რომ სკოლების გახსნა დაგეგმილზე ადრეც შეიძლებოდა, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში გააკეთეს. იოჰანეს ჰიუბნერის აზრით,  პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად მცირეწლოვნები დაზარლადნენ, მათთვის ხომ სოციალური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია. შეზღუდვების პირობებში ისინი ნაკლებს მოძრაობენ, ნაკლებს ჭამენ. შესაბამისად, შექმნილი სიტუაცია უარყოფითად აისახება როგორც მათ ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

იოჰანეს ჰიუბნერის აზრით, კორონავირუსის მესამე ტალღა არ იქნება. მას იმედი აქვს, რომ ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით ჩაივლის და შემოდგომისთვის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე აცრილი იქნება. შესაბამისად, თავიდან იქნება აცილებული ის სიტუაცია, რომელიც ახლა გერმანიაშია.

უახლესი

სხვა ამბები