მთავარისაქართველოსაარჩევნო სისტემის რეფორმა

საარჩევნო სისტემის რეფორმა

საარჩევნო ბარიერის დაწევა, ცესკოს წევრების დაკომპლექტების შერეული სისტემა, დავების განხილვის წესები, უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის. ეს და სხვა მრავალი ტექნიკური საკითხი, პარლამენტში მომუშავე საარჩევნო რეფორმის ჯგუფის დღის წესრიგშია. მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ცენტრალურ და საოლქო კომისიებს 17 წევრი ეყოლება, საიდანაც 8 პროფესიული, ხოლო 9 პარტიული ნიშნით შეირჩევა. შეთანხმება შედგა საარჩევნო ბარიერის განსაზღვრაზეც.

ადგილობრივი თვითმმართველობის და ყოველ მომდევნო არჩევნებზე, პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო დაბალი ზღვარის გადალახვის შანსი ექნებათ. საარჩევნო რეფორმის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეთანხმების მიღწევის სურვილი სხვა საკითხებზეც აქვთ.

„გარკვეული დეტალები არის, რის გამოც ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა საბოლოო ჯამში, მემორანდუმით გათვალისწინებულ პუნქტებზე შეთანხმება მოხდება“, – აცხადებს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის ჯგუფის თანათავმჯდომარე ლევან იოსელიანი.

პოლიტიკური ნების გამოსადატად მმართველი გუნდი მზად არის. რეფორმის ჯგუფის კიდევ ერთი თანათავმჯდომარე პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ძირითად საკითხებზე მხარეები თანხმდებიან.

„რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, არჩევნების შემდგომ დავების, ადმინისტრაციული რესურსის არ გამოყენების საკითხებს, ამაზე ფაქტობრივად ვთანხმდებით. სამუშაო ჯგუფი რიგ დეტალებზე კიდევ გააგრძელებს მუშაობას,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რიგით მეოთხე შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ დაესწრო. მიზეზი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა. მათ სხდომის გადადება ითხოვეს. განხილვაში მონაწილეობა, მხოლოდ ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” საარჩევნო საკითხების ექსპერტმა მიიღო. ლელა ტალიურს ძირითადი შენიშვნები, საუბნო კომისიების დაკოპლექტებაზე აქვს, სადაც შერეული სისტემის წესი არ ვრცელდება. ცესკოს ეს დაბალი რგოლის კომისიები, მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება.

„საუბნო და სხვა კომისიების დაკომპლექტების პროცედურა კიდევ უნდა გადაიხედოს. პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს, რათა კითხვები აღარ იყოს კომისიების წევრების სანდოობაზე. შერჩევა კონკურსის წესით უნდა ყოფილიყო და არა პირდაპირი დანიშვნით,“ ამბობს ლელა ტალიური.

საარჩევნო რეფორმის ჯგუფი კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, სადაც კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მოისმენენ. ამის შემდეგ, მმართველი პარტია ცვლილებებისთვის კანონპროექტს მოამზადებს, რომელსაც უკვე პარლამენტის პლენარულ სესიებზე დასამტკიცებლად წარადგენს. ყველა საკითხზე შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, გაზაფხულზე საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა ექნება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend