მუსიკალური პლატფორმა Spotify საქართველოში შემოდის. ამის შესახებ კომპანიის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. აპლიკაცია, რომელიც 70 მილიონზე მეტ სიმღერას ერთ სივრცეში აერთიანებს ამ დრომდე მხოლოდ 101 ქვეყანაში იყო ხელმისაწვდომი. მისი მომხმარებლების რაოდენობა კი 345 მილიონს აჭარბებს.
ახალი გადაწყვეტილების შედეგად, სერვისი დამატებით ერთი მილიარდი ადამიანისთვის, 80-ზე მეტ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი.
We launch in 80+ new markets over the next few days. See you soon Bangladesh, Pakistan and Nigeria 👀 #SpotifyStreamOn pic.twitter.com/Wqv3IFdicz
— Spotify (@Spotify) February 22, 2021
ქართველი მომხმარებლები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ Spotify-ს საქართველოში შემოსვლას, თუმცა ამ დრომდე ქვეყნის ტერიტორიიდან აპლიკაციის გამოყენება შეუძლებელი იყო.
„ეს ძალიან კარგი სიახლეა ქართველი მუსიკოსებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ეს პლატფორმა მიუწვდომელი იყო, რაც ხელოვანებისთვის დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენდა. დღეისათვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, სტრიმინგ სერვისები მუსიკოსებისთვის იქცა მთავარ შემოსავლის წყაროდ, ხოლო რადგანაც აპლიკაცია აქ ხელმისაწვდომი არ იყო, ქართველი მუსიკოსები კარგავდნენ ძალიან მნიშვნელოვან შემოსავალს“, — აცხადებს ბენდის “KILLAGES” მენეჯერი და კომპანიის “FUNDAY ENTERTAINMENT” დამფუძნებელი თევდორე მაყაშვილი.
თევდორე ამბობს, რომ ნებისმიერ ქართველ მუსიკოსს, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარულია, უკვე ერთ-ორ წელიწადში ექნება შესაძლებლობა, რომ მხოლოდ მუსიკის კეთებით მიიღოს ძირითადი შემოსავალი.
„კოლეგებისგან ხშირად მსმენია, რომ ეს საქართველოში არ იმუშავებს და ამაში ფულს არ გადაიხდიან, რასაც მე ვერ დავეთანხმები. ჩემი დაკვირვებით საკმაოდ სასიკეთო ძვრებია ამ მიმართულებით. მსმენელმა უფრო და უფრო დაიწყო ხარისხიანი მუსიკის დაფასება და, რა თქმა უნდა, მათაც ურჩევნიათ, რომ უსმინონ მუსიკას ხარისხიანად, რეკლამების გარეშე“. — ამბობს თევდორე მაყაშვილი.