მთავარი ევროპა იტალია პანდემიის შედეგები განსაკუთრებულად მძიმედ ქალებმა იგრძნეს

პანდემიის შედეგები განსაკუთრებულად მძიმედ ქალებმა იგრძნეს

იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში 444 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, მათგან 312 ათასი ქალი იყო. 2021 წელს დიდი ოცეულის მიერ ორგანიზებულ ქალთა სამიტს  იტალია უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანი გენდერული თანასწორობის გამყარება და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაა.

წლევანდელი ქალთა სამიტის მიზანი გენდერული ბალანსის აღდგენა და იმ ქალების ხელშეწყობაა, რომელთაც პანდემიის დროს სამსახური დაკარგეს. 2021 წელს სამიტის მასპინძლობა იტალიას ერგო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პანდემიის გამო იტალიაში ქალთა დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.

დიდი ოცეულის მიერ ორგანიზებული სამიტის დაწყებამდე ევრონიუსის გუნდი პროექტის თავმჯდომარეს შეხვდა. იგი ამბობს, რომ სტატისტიკა შემაშფოთებელია.

„ისტორიული თვალსაზრისით, მსგავსი გამოცდილება იტალიაში არ გვქონია. წინა კრიზისების დროს ძირითადად ინდუსტრიულ სექტორს ექმნებოდა პრობლემა. იქ კი ძირითადად მამაკაცები არიან დასაქმებული. ახლა კი კრიზისმა ისეთ სექტორებზე იქონია გავლენა, როგორებიცაა: ტურიზმი, რესტორნები და სასტუმროები, აი, იქ, სადაც ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ. ზოგიერთმა ქალმა სამუშაო დაკარგა, ზოგს კი ხელფასები შეუმცირდა ან არასტაბილური სამსახური აქვს“, – ამბობს სამიტის თავმჯდომარე ლინდა ლაურა საბადინი.

იტალიამ ყველაზე მძიმედ გამოსცადა პანდემიის შედეგები. თუმცა ეს შესაძლოა, გაკვეთილიც აღმოჩნდეს ქვეყნისათვის.

„როდესაც საქმე გენდერულ თანასწორობას ეხება, იტალია ამ მხრივ ევროპის სხვა ქვეყნებს ჩამორჩება. აქ ახალგაზრდა ქალთა შორის დასაქმების მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია. პანდემიის დადგომასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ქალების დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას და მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა სამიტის წარმომადგენელმა მარტინა როგატომ.

გარდა დასაქმებისა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობაცაა.

„თუ გვსურს კრიზისის მოგვარება, სწორი მიმართულება უნდა მოვძებნოთ. მართალია, ტექნოლოგიური რევოლუციის ერაა, მაგრამ კრიზისი უფრო ღრმავდება. ეს ყველაფერი სამუშაო ადგილების რაოდენობას ამცირებს. ამას ერთვის კლიმატური კრიზისით. ასე რომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი სტრატეგია და გავითვალისწინოთ სამივე ასპექტი.“ – განუცხადა “ევრონიუსს” ლინდა ლაურა საბადინიმ.

ამავდროულად, იტალია ის ქვეყანაა, სადაც ქალები აქტიურად არიან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული.

ქალთა ჯგუფმა, რომელსაც „ნახევარი“ ჰქვია, ჯუზეპე კონტეს ღია წერილი გაუგზავნა. ისინი ითხოვდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში  ქალების როლი  უფრო გაზრდილიყო.

ფრანჩესკა ბერტიოს აზრით, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ შეცვალოს ქვეყანაში გენდერული დისბალანსის პრობლემა.

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ქალთა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხის მოგვარება და პრობლემის გადაჭრა, გარკვეულწილად, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის გეგმასაც წაადგება და ნაწილობრივ მოაგვარებს კიდეც, ვინაიდან მათგან, ვინც სამსახური დაკარგა, უმეტესობა ქალია“, – ამბობს პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი ფრანჩესკა ბეტიო.

გენდერული თანასწორობის შესახებ დებატები არ წყდება, მიუხედავად ამისა, ერთი საკითხი ყველასთვის ნათელია – უფრო მეტი ქალი უნდა დასაქმდეს. მსოფლიომ, რომლის მოსახლეობის ნახევარი ქალებისგან შედგება, დროა, მეტი რესურსი უნდა გამოიყენოს ქალთა როლის გაძლიერების მხრივ.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი