მთავარიევროპაესპანეთიესპანეთის ზეითუნის ზეთის წარმოება კრიზისშია

ესპანეთის ზეითუნის ზეთის წარმოება კრიზისშია

ესპანეთის ზეითუნის ზეთის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საგრძნობლად მას შემდეგ შემცირდა, რაც დონალდ ტრამპმა 25-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა.

ეს გადაწყვეტილება მან ეარბასის სუბსიდირების საპასუხოდ მიიღო. ჯო ბაიდენის თეთრ სახლში მისვლას კი ცვლილება არ მოჰყოლია. ტარიფები კვლავ არსებობს.

კომპანია „გარსია დე ლა კრუსის“ ძვირადღირებული პროდუქტები ტარიფზე ნაკლებადაა დამოკიდებული, თუმცა შედარებით იაფფასიან პროდუქტებზე დაწესებული ტარიფი უარყოფით გავლენას ახდენს.

 
„გარსია დე ლა კრუსის“ გენერალური მენეჯერი ფერნანდო გარსია დე ლა კრუსი ამბობს, რომ დაწესებული ტარიფების გამო გაფართოების ყველანაირი გეგმა ჩაიშალა.

„ახლა ვიმედოვნებთ, რომ თუ ტარიფებს მოხსნიან, ჩვენს გეგმას შევასრულებთ. მაგრამ ეს მალე ვერ მოხერხდება, რადგან ამ დროის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ოდენობის თანხა დავხარჯეთ“, – აღნიშნავს გარსია დე ლა კრუსი.

ინვესტიციები, რომლებმაც ესპანური ზეითუნის ზეთი ლიდერად აქცია, ახლა დაკარგულია. ხოლო მთლიანი მოცულობა, რომელიც ადრე 6000-დან 8000 ტონას შეადგენდა, ახლა 700 ტონამდე შემცირდა, რამაც ფინანსური ზარალი გამოიწვია.

„ასოლივას“ გენერალური მენეჯერი რაფაელ პიკო ლაპუენტე კი ეკონომიკურ ზარალზე საუბრობს:

„ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი ექსპორტისა თუ ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვების შემცირების გამო ჩვენ დაახლოებით 4-მილიარდიანი  დანაკარგი გვაქვს“.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზეითუნის ზეთის შემოტანა 2019 წლიდან 2020 წლისთვის 19 პროცენტით გაიზარდა, ზარალი მაინც დიდია.

ბაზარზე ადგილის დაკარგვის თავიდან არიდების მიზნით, ბევრმა ესპანურმა კომპანიამ ზეითუნის ზეთის წარმოება პორტუგალიური ან ტუნისური ეტიკეტით დაიწყო. ამ ორ ქვეყანაში წარმოება კი 700 და 850 პროცენტით გაიზარდა.

ესპანეთის აგროსასურსათო კოოპერატივების ზეითუნის ზეთის დეპარტამენტის თანამშრომელი ინიაკი ბენიტო ამბობს, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ზეითუნის ზეთის სექტორს გადაადგილება მოუწევს, რაც მწარმოებლებს დიდ ზიანს მიაყენებს.

„ამან, შესაძლოა, ათასობით თანამშრომელი სამსახურის გარეშე დატოვოს. ეს ყველაფერი კი აზარალებს ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნესს,  როგორიცაა ზეითუნის ზეთის წარმოება.“

ზეუთუნის ზეთის მწარმოებლები ევროკავშირს და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. ისინი იმ ტარიფების მოხსნას მოითხოვენ, რომლებიც აერონავტიკის კონფლიქტის გამო ესპანურ კომპანიებს დაუწესეს. თუმცა ამ კონფლიქტში ეს კომპანიები საერთოდ არ მონაწილეობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend