25 თებერვალი, პირველი, რვა და 15 მარტი, ეს დღეები საქართველოში შეზღუდვების მოხსნის თარიღებად დასახელდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყება ვაქცინაცია, თუმცა ცნობილია, რომელი შეზღუდვების მოხსნა იგეგმება.
25 თებერვლიდან მთელ ქვეყანაში აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე იხსნება სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროებიც. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი შაბათ-კვირასაც იმოძრავებს.
პირველი მარტიდან აღსაზრდელები დაუბრუნდებიან როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაგა-ბაღებს. მათგან განსხვავებით, სტუდენტებს აუდიტორიებში შესვლა მხოლოდ პრაქტიკული ან ლაბორატორიული სამუშაოებისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად შეეძლებათ. აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებას კი ისინი 15 მარტიდან შეძლებენ. გაზაფხულის პირველი დღიდან მუშაობა განახლდება მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, ასევე შესაძლებელი იქნება ტრენინგებისა და კონფერენციების საჯარო სივრცეში ჩატარება. ბათუმში კი რესტორნები სტუმრების შიდა სივრცეებში მიღებასაც შეძლებენ.
“იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ, პირველი მარტიდან დაემატება რამდენიმე ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნების წარმომადგენლები შიდა სივრცეებსაც გახსნიან. ასევე სამთო-ხათხილამური კურორტებზე ამუშავდება საბაგიროები. 13 მარტიდან ბაზრობები და სავაჭრო მოლები შაბათ-კვირასაც გახსნილი იქნება. 15 მარტიდან კი ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები და სასკოლო წრეები. ასევე 15 მარტიდან თეატრების, სპორტული კლუბებისა და პროფესიული ანსამბლების წევრებს რეპეტიციებისა და ვარჯიშების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ, პირველი აპრილიდან კი ისინი მუშაობის სრულად აღდგენას შეძლებენ.
„ბაღების თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას გაივლის.“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების მინისტრი.
„რესტორნებში ინფიცირების საფრთხე მაღალია, რადგან პირბადის გამოყენება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, თუ როგორ ასრულებენ რეგულაციებს“, – ამბობს ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.
გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ აკრძალულია ყველანაირი სახის გადაადგილება. 24 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 2,36 მეასედი პროცენტია, მთავარ რეკომენდაციებად კვლავ პირბადის სწორი გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება რჩება.
ანანო ღუდუშაური