მთავარი ევროპა საფრანგეთი ლიონში ფერმერები სკოლის სასადილოების მენიუდან ხორცის ამოღებას აპროტესტებენ

ლიონში ფერმერები სკოლის სასადილოების მენიუდან ხორცის ამოღებას აპროტესტებენ

ლიონში ფერმერები სკოლის სასადილოების მენიუდან ხორცის ამოღებას აპროტესტებენ. ფერმერები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას მათი შემოსავლის შემცირება მოჰყვება. ლიონის მერის განცხადებით, პანდემიის გამო სასადილოებში საჭიროა მობილობის გაზრდა, ხოლო ხორცის ჭამას მოსწავლეები დიდ დროს ანდომებენ.

ლიონის საკრებულოსთან ხმაურია. ტრაქტორები სატრანსპორტო მოძრაობას აყოვნებენ, ადამიანებს კი საპროტესტო ბანერები უკავიათ. ქუჩაში შეკრებილ ფერმერებს ლიონის მერისთვის გზავნილი აქვთ. ისინი აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, სკოლის სასადილოების მენიუში ხორცი აღარ იქნება. ქალაქის მერის განცხადებით, ცვლილება მენიუში დროებითია და იგი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვას ემსახურება. მისი თქმით, ხორცის ჭამას მოსწავლეები დიდ დროს ანდომებენ, ეს კი სასადილოში დიდ რიგს გამოიწვევს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლიონის მერი, რომელიც „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელია, პანდემიას თავისი პოლიტიკური იდეოლოგიის გასავრცელებლად იყენებს. ფერმერების განცხადებით, რესტორნები დახურულია, შესაბამისად, სკოლის სასადილოები მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

„კრიზისის დაწყებიდანვე ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ, რათა უსაფრთხოდ მიგვეწოდებინა საკვები სასადილოებისთვის. შედეგად საბავშვო მენიუში ადგილობრივი პროდუქციის წილი მკვეთრად გაიზარდა. ახალი გადაწყვეტილების გამო ეს ტენდენცია შეიცვლება. თუ მენიუში მეტი ბოსტნეული იქნება, ჩვენ სამხრეთი ამერიკის ქვეყნებიდან იმპორტის გაზრდა მოგვიწევს, რაც ეკოლოგიისთვის არანაკლებ დამაზიანებელი იქნება“, – აცხადებს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი პასკალ ჟირინი.

ლიონის მერის განცხადებით, მსგავსი ბრძანება წინა მერის მმართველობის პირობებში პირველი კარანტინის დროსაც გაიცა. მისი თქმით, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ხმაური არ მოჰყოლია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend