დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ქვეყნის საყოველთაო კარანტინიდან გამოყვანის 4-ეტაპიანი გეგმა წარადგინა. პირველი ეტაპი 8 მარტს სკოლების გახსნით დაიწყება, ივნისამდე კი შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. ამასობაში სლოვაკეთში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დახმარებისთვის ევროპელ კოლეგებს მიმართავს. მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთში, ქალაქ ნიცაშიც, სადაც მთავრობა მორიგი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
ალბათ, ყველას ახსოვს დრო, როდესაც ბარები და კაფეები მხიარული და მომღიმარი ადამიანებით იყო სავსე, თუმცა შემდეგ კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა. თუმცა გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ყოველ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში. ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასთან და ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობის კლებასთან ერთად ქვეყნის საყოველთაო კარანტინიდან გამოსაყვანად პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 4-ეტაპიანი გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, დროა, ნელ-ნელა ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, რადგან ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, რომელიც მოსახლეობას ინფიცირებისგან იცავს. ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი თავისუფლების გზას დაადგა.
4-ეტაპიანი გეგმის შესრულება კი 8 მარტს სკოლების გახსნით დაიწყება და ივნისამდე გასტანს, თუმცა მოსახლეობას ჯერ კიდევ მოუწევს მოცდა, სანამ სრულად არ მოიხსნება შეზღუდვები.
დამაიმედებელი ინფორმაცია ვრცელდება შოტლანდიის ჯანდაცვის სამსახურიდან. მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა იცავს 80 წელს გადაცილებულებს და ¾%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას.
ამასობაში კორონავირუსს კვლავ ეწირება უამრავი ადამიანი. სლოვაკეთში, სადაც ქვეყნის მოსახლეობა 5.5 მილიონ ადამიანს შეადგენს, უკანასკნელ დღეებში ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება. ეს კი ერთ კვირაში მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი თავის ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, დაეხმარონ ვაქცინის მიწოდებაში, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გამო უკიდურესად რთული ვითარებაა.
საფრანგეთში კი, ქალაქ ნიცაში, მთავრობა მორიგი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის მეორე მხარეს, დიუნკერკშიც, რომელშიც 100 000 მოსახლეა. მათგან 900 ადამიანი კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამითაა ინფიცირებული. ქალაქის მერი ცენტრალურ მთავრობას დახმარებას სთხოვს.