მთავარი საქართველო კანცელარიიდან პარლამენტამდე

კანცელარიიდან პარლამენტამდე

საპროტესტო მსვლელობა ფეხით დღის მეორე ნახევარში გაიმართა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები, ჯერ მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს. მას შემდეგ, რაც აქციამ კანცელარიიდან პარლამენტის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, ავტომობილით გადაადგილება რუსთაველის გამზირზე შეიზღუდა. შეკრებილების თქმით, უსამართლო მართლმსაჯულებას და მთავრობის მოქმედებას აპროტესტებენ. 16 წლის ელენე ჩიკვაიძე საპროტესტო აქციაზე, მისივე თქმით უკეთესი საქართველოსთვის მივიდა.

„ძალიან არ მინდა, როდესაც სრულწლოვანი გავხდები ასეთ საქართველოში ვიცხოვრო. მით უმეტეს არ მინდა ჩემზე პატარა თაობას ასეთ უსამართლობასა და უპერსპექტივო მომავალში მოუწიოს ცხოვრება. რაც ხდება, იმას ვაპროტესტებ“, – გვითხრა აქციის მონაწილე ელენე ჩიკვაიძემ.

მშვიდობიან საპროტესტო აქციებსა და საერთაშორისო ზეწოლას შედეგი აუცილებლად ექნება – იმედოვნებენ ქართულ ოპოზიციაში. ამ განწყობით, პოლიტიკურმა ლიდერებმა პარლამენტთან განცხადებები გააკეთეს.

„ის ძალიან სახიფათო გეზი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, უნდა შევაჩეროთ. ადგილზე პროტესტით და საერთაშორისო ზეწოლით, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“ – ამბობს პოლიტიკოსი ეკა ბესელია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან თვეების განმავლობაში განთავსებული კარავი, პარლამენტის წინ გადმოიტანეს.  მიმდებარე პერიმეტრს პოლიციის სხვადასხვა დანაყოფები აკონტროლებდნენ. ოპოზიციამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია 26 თებერვალს დაგეგმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend