მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირი ნავალნის დევნაში ჩართულ ყველა მხარეს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი ნავალნის დევნაში ჩართულ ყველა მხარეს სანქციებს დაუწესებს

ჯოზეფ ბორელი,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მალე ახალი სანქციები დაწესდება. სანქციები იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დევნაში მონაწილეობდნენ. გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

ევროკავშირის განცხადებით, რუსი მოქალაქეები, რომლებიც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დევნაში მონაწილეობდნენ, ე.წ „მაგნიცკის სიაში“ შევლენ, რის შედეგადაც მათზე სანქციები დაწესდება. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად მიიღეს.


„რუსეთი შორდება ევროპას და ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის. მინისტრების აზრით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ცხადყოფს, რომ მათ არ სურთ ევროკავშირთან თანამშრომლობა“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ალექსეი ნავალნი მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს, რომელთა უმეტესობას ფული ევროპის ბანკებში აქვს შენახული. თუმცა, ჯოზეფ ბორელს მიაჩნია, რომ ამის განხორციელება იურიდიულად რთული იქნება. ნავალნის გუნდის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირის შემრიგებლურ ტონს პუტინი სისუსტედ აღიქვამს.

„პუტინის დამსახურებით რუსეთი ავტორიტარული რეჟიმიდან სრულ დიქტატურაზე გადადის, ეს კი მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა. რთულია, შეებრძოლო პუტინს, რადგან მას ევროპაში დიდი ფული აქვს დაბანდებული. ის ბევრ სამშენებლო პროექტშია ჩართული, მათი გაჩერება ევროპის ეკონომიკას დააზარალებს. თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს მაინც უნდა მოხდეს“, – აცხადებს ალექსეი ნავალნის გუნდის წარმომადგენელი ლეონიდ ვოლკოვი.

ბორელის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დევნაში მონაწილე რუს მოქალაქეებს საბანკო ანგარიშები ერთ კვირაში გაეყინებათ. მათ ევროპაში მოგზაურობაც შეეზღუდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend