ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას ევროკომისია გამოეხმაურა. ევროკომისიის საგარეო უწყების პრეზიდენტის პრესსპიკერი პეტერ სტანო მოუწოდებს ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვისგან.
„საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ვხედავთ, რომ ბატონი მელიას დაპატიმრების შედეგად პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, თავი შეიკავონ სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვისგან. მოვუწოდებთ მათ, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა. ეს მათი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში შედის. დემოკრატიის აუცილებელი პირობაა სტაბილურობა და საპარლამენტო მუშაობა. ეს ყველაფერი საჭიროა ასევე იმისათვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს კორონავირუსის პანდემიასა და გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს“, – აცხადებს ევროკომისიის საგარეო უწყების პრეზიდენტის პრესსპიკერი პეტერ სტანო.