მთავარისაზოგადოებარა არის სამაგიდო თამაშები - საბავშვო გასართობი თუ გონების ვარჯიში უფროსებისთვის?

რა არის სამაგიდო თამაშები – საბავშვო გასართობი თუ გონების ვარჯიში უფროსებისთვის?

სამაგიდო თამაშები საუკუნეების წინ  გაჩნდა და დროსთან ერთად სულ უფრო მეტად იხვეწებოდა და მრავალფეროვანი ხდებოდა. ახლა მათ შეემატა ქართული თამაშიც, რომელიც  მოყვარულებს ახალ თავსატეხს უჩენს. რა შესაძლებლობებისა და უნარების აღმოჩენა შეიძლება ასეთი გართობით და რით გამოირჩევა საქართველოში შექმნილი თამაშები?

ჩაფიქრებული მოთამაშეები მხოლოდ ჭადრაკის დაფას არ უსხედან. როცა სამაგიდო თამაშებია გაშლილი, თამაშში ჩართული ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ხდებიან აზარტულები.

ლევან ხოლუაშვილი უკვე ორი წელია, სამაგიდო თამაშებს აგროვებს. ამბობს, რომ გართობის ეს საშუალება ახალ უნარებს ავითარებს და საკუთარი თავის აღმოჩენასაც ბევრი მიმართულებით  ახერხებს, თუმცა როგორც თვითონ ჰყვება, ასეთი თამაშები საუკეთესო საშუალებაა უცხო ადამიანებთან ურთიერთობისათვის.


„როცა ერთად ვართ, თამაშს გავშლით და მაშინვე მარტივდება კომუნიკაცია. არსებობს თამაში, რომელიც დედუქციის უნარს ავითარებს, არსებობს სისწრაფეზე გათვლილი თამაშები. ძალიან კარგი ინსტრუმენტია სოციალიზაციისთის“, – ამბობს ლევან ხოლუაშვილი, სამაგიდო თამაშების მოყვარული.

როცა მეგობრები ყველასთვის ნაცნობ თამაშებს დაასრულებენ, ქართულ სამაგიდო თამაშებზე გადადიან. ამბობენ, რომ ეს თამაშები განსაკუთრებით მოსწონთ.

„ძალიან მიხარია, რომ ქართულ თამაშში ქართული მითოლოგიის ელემენტებს წავაწყდი“, – ამბობს ლევანი.

სწორედ ასეთია პირველი ქართული სამაგიდო თამაში „გორგასალი“, რომელიც ისტორიულ ამბებსაც მიჰყვება და თან მასში გამოგონილი პერსონაჟებიც მონაწილეობენ.  აღმოჩნდა, რომ  „გორგასალი“ მხოლოდ ქართველი მოთამაშეებისთვის არ არის მიმზიდველი და ამ თამაშით საზღვარგარეთაც დაინტერესდნენ. თამაშში ქართული კულტურის სიმბოლოებსაც ნახავთ და ისეთ სახელებსაც გაიგონებთ, როგორებიცაა მედეა, კრუბერი, არმაზი და ა.შ

სამაგიდო თამაშის შემქმნელები ამ პროექტზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამბობენ, რომ მათი პროდუქტი კომპიუტერული თამაშების ერთგვარი ალტერნატივაა.

ყველაფერი კი უბრალოდ, თამაშების სიყვარულით დაიწყო:

„ძალიან გვიყვარს ყველანაირი თამაში და ერთმანეთს ყველაფერში ვეჯიბრებით. ერთ დღესაც მივხვდით, რომ ჩვენც შეგვიძლია, შევქმნათ ის, რითიც გავერთობოდით. ყველაფერი სამოყვარულო დონეზე დაიწყო, მერე თამაში ისეთი ხარისხის გამოვიდა, ვიფიქრეთ, რომ სხვაც შეიძლება ვათამაშოთ. ჯერ მეგობრები ვათამაშეთ, შემდეგ უცხოები და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ბაზარზე გაგვეტანა“, – ამბობს თამაშის შემქმნელი დათო გიორგაძე.

თბილისში არსებობს სივრცე, სადაც სამაგიდო თამაშების მოყვარულები იკრიბებიან. ახლა აქ პანდემიის გამო სიჩუმეა, თუმცა საღამოობით, როცა მოთამაშეები მაგიდის გარშემო სხდებიან და თამაშს იწყებენ, ხმაური გარეთაც გადის. „წიბახასთან“ – ასე ჰქვია სამაგიდო თამაშების მოყვარულთა ერთ-ერთ საყვარელ ადგილს. გიგა წიბახაშვილმა ეს სივრცე დაახლოებით 4 წლის წინ გახსნა და თამაშებით გართობამაც სახლიდან აქ გადმოინაცვლა:

„ მაშინ მე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი თამაშების შესახებ, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა, ვიფიქრე, რომ ჩემთან სახლში შეკრების ნაცვლად, დიდი სივრცე შეგვექმნა მოყვარულებისთვის“, – ამბობს გიგა წიბახაშვილი.

სამაგიდო თამაშებს  უამრავი მოყვარული ჰყავს. ისინი  ახალი ქართული სამაგიდო თამაშების გამოჩენას ელიან, თუმცა უკვე არსებულით თამაშისას, კამათელს მონდომებით აგორებენ და იღბლის ნაცვლად, საკუთარ გონებას ენდობიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend