მთავარიამბებიქართული კონსტიტუცია 100 წლისაა

ქართული კონსტიტუცია 100 წლისაა

დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია 100 წლისაა. 21 თებერვალს, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის მიღების თარიღია, პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა   პარლამენტის თავმჯდომარემ  საზოგადოებას შეახსენა, რომ ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

„ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

„ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად. მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო და რომ ეს დოკუმენტი იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე. პრეზიდენტის მოსაზრებით, სწორედ პირველ კონსტიტუციაში ასახული ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა.

„მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ კონსტიტუციის ბოლო რედაქციით.

„კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. აწესებს მთელ რიგ ახალ უფლებებს – სოციალურს, საზოგადოებრივს, ეკოლოგიის თუ ჯანდაცვის დარგში, რითაც წამყვანი კონსტიტუციების რიგებში ეწერება. მე, პირადად, ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის და მისი პრინციპების ერთგულებაა. მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო – სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ზუსტად ასი წლის წინ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო და ამით ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მტკიცე დასაყრდენი შეიქმნა. პირველი კონსტიტუცია თავისი დროის გამორჩეულად პროგრესული ტექსტია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. იგი ამკვიდრებს თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ იდეალებს, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო განვითარებულ სამყაროში სახელმწიფოთა სამართლებრივ მოწყობას. ამავდროულად, იგი, როგორც იურიდიული დოკუმენტი, ჰარმონიულად ათანხმებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსა და საწყისებს მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილებასთან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ საუკუნის წინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრებმა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია  ჩრდილოეთიდან მომდინარე უდიდესი საფრთხისა და საომარ ვითარებაში მიიღეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუცია იყო იმდროინდელ ევროპაში გამორჩეული სამართლებრივი დოკუმენტი.

„მიმდინარე წელი არის არა მარტო საქართველოს პირველი კონსტიტუციის საიუბილეო წელი, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს თავისი არსებობის 25 წლის იუბილეს. გილოცავთ ყველას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრება ის იდეოლოგიური მონაპოვარი და მისწრაფებებია, რომლებიც 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს. იგი, იმავდროულად, ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარების საწინდარს წარმოადგენს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე საქართველოს აქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია.

„დღეს საქართველოს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე ქვეყანას აქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია – მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა, კონსტიტუციის სახით, ქვეყანას უძვირფასესი სამართლებრივი და კულტურული მემკვიდრეობა დაუტოვეს.

„პირველი ქართული კონსტიტუცია იყო უაღრესად დახვეწილი და პროგრესული დოკუმენტი, რომელშიც ფართოდ იყო ასახული მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს ღირებულებები და სამართლებრივი აზროვნების მიღწევები. დღეს ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შექმნაში იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მისი აზრით, 70-წლიანი კომუნისტური დიქტატურის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საფუძველი დაედო თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებას და 1991 წლიდან საქართველომ კონსტიტუციონალიზმის განვითარების უაღრესად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 1991-2018 წლებში ხუთჯერ შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის სისტემა, 1995-2012 წლებში კი საქართველოს კონსტიტუციაში 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომელთა უმეტესობა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

„კონსტიტუციის სუბიექტურ ინტერესებზე მორგება, აღნიშნული წლების მანძილზე, სამწუხაროდ, ფართოდ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული სისტემის განვითარებას უმძიმესი დაღი დაასვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესოსბის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციის რეფორმირების საკითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა დღის წესრიგში. შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაც, თუმცა, სუბიექტურ მიზეზთა გამო, კომისიის სამწლიანი მუშაობა სრულიად წარუმატებლად დასრულდა. 2017 წელს კონსტიტუციის რეფორმის საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში და ამჯერად საქმე ბოლომდე მივიდა.

„2017 წელს ხელახლა შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრება დაისახა მიზნად. საკონსტიტუციო რეფორმა სერიოზული წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, რასაც სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს, პოლიტიკური პარტიის თუ საზოგადოებრივი ჯგუფის რადიკალურად განსხვავებული ინტერესები განაპირობებდა. ამ ვითარებაში საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა უაღრესად რთული ამოცანა იყო. თუმცა, მიზანდასახულობამ და პოლიტიკურმა ლავირებამ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა შესაძლებელი გახადა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ შედეგად, საქართველოს კონსტიტუცია თვისებრივად დაიხვეწა როგორც შინაარსობრივი, ისე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.

უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ამოქმედდა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან.

„მეამაყება, რომ ვიყავი იმ პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახადა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თითოეულ ჩემს კოლეგას თავისუფლების საპარლამენტო ორდენისთვის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ავტორობისთვის მომენიჭა“, – მიმართა შეკრებილებს ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი, დემოკრატიული კონსტიტუციის სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.

„გამართული და სტაბილური კონსტიტუცია არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა სახელმწიფოში სტაბილური დემოკრატიული წესრიგის განმტკიცებისათვის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ კონსტიტუციური საფუძველი, არამედ პრაქტიკული შესაძლებლობაც, იზრუნოს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დაცვასა და განმტკიცებაზე“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

სამართლის დოქტორის, პროფესორ მინდია უგრეხელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 100 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ოკუპაცია მოხდა, მაინც დარჩა ქართული სულისკვეთება და თავისუფლებისაკენ ლტოლვა.

„დარჩა ის სულისკვეთება, რომელსაც ჰქვია ქართული სულისკვეთება, რომელიც არის თავისუფლებისაკენ სწრაფვა, რომელიც არის თავისუფლებისაკენ ლტოლვა. თავისუფლებისკენ ეს ლტოლვა, უპირველ ყოვლისა, გამოხატული იყო იმ კონსტიტუციის ტექსტით, რომლიც, მართალია, დღეს აღარ არის შენარჩუნებული, მაგრამ მისი სულისკვეთება მთლიანად შენარჩუნებულია დღევანდელ კონსტიტუციაში, მხოლოდ უფრო დახვეწილი და გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული ფორმით“, – აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში ასახული იდეალები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე იქცა ჩვენი საზოგადოების მამოძრავებელ ძალად.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კვლავ გვიწევს რუსულ ოკუპაციასთან გამკლავება. არც ის საფრთხეები გამქრალა, რაც დემოკრატიულ ფასეულობებს ემუქრებოდა საუკუნის წინ. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება კონსტიტუციის გაფრთხილება და პატივისცემა იმისთვის, რომ მან შეძლოს ჩვენი დაცვა და უზრუნველყოს ჩვენი სტრატეგიული მიზნების განხორციელება. დღეს ჩვენი ევროპული არჩევანი სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის გამოძახილია და ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს თანამედროვე დემოკრატიული სამყარო დგას განსაკუთრებული სიმძაფრით ჩვენს ქვეყანაში იგრძნობა. დღეს საქართველოს კვლავ აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია შესასრულებელი ისე, როგორც არაერთხელ შეუსრულებია არსებობის მანძილზე სხვადასხვა გეოპოლიტიკური მოცემულობის დროს. ამჯერად, დემოკრატიის სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ და დავიცვათ დემოკრატიული სამყაროს საზღვრები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საზეიმო სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა 1921 წლის 1 თებერვლის პოლიტიკური მოვლენები გაიხსენა, რომლის დროსაც ბენია ჩხიკვიშვილი და შალვა ნუცუბიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„მაშინაც არ იყო უცხო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება, მაგრამ ამ დღიდან ზუსტად 20 დღის თავზე, ბენია ჩხიკვიშვილი და შალვა ნუცუბიძე ერთად უკრავდნენ ტაშს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს ერთხმად მიიღეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, იმ დროსთან განსხვავებით, დღეს გვყავს საერთაშორისო მოკავშირეები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ეროვნული თანხმობა ფუნდამენტურ საკითხებზე.

„100 წლის წინ გვეყო ინტელექტუალური რესურსი, პოლიტიკური გამბედაობა და ეროვნული ენერგია იმისთვის, რომ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია მიგვეღო, რომელიც საპარლამენტო მმართველობას, დაბალანსებულ სახელმწიფო მმართველობას ამკვიდრებდა და რომელსაც შემოჰქონდა სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, უზრუნველყოფდა ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხმის მიცემას, მათ შორის, თანაბრობის პრინციპს ქალსა და მამაკაცს შორის. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს კონსტიტუცია შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ დიდი სახელმწიფო მოღვაწეები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საზეიმო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელი სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend