ესპანეთში, კვირას, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კვლავ შეტაკება მოხდა, დაკავებულია 100- მდე ადამიანი. მუსიკოსს ესპანეთის მონარქის შეურაცხყოფა და ტერორიზმის განდიდება ედება ბრალად. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორისაა რეჟისორი, პედრო ალმოდოვარიც.
პროტესტი რეპერის მხარდასაჭერად ბარსელონაში უკვე მეექვსე დღეა, გრძელდებ გასული დღეების მსგავსად, კვირა მშვიდობიანი საპროტესტო აქციით დაიწყო კატალონიის ქალაქში, სადაც ასობით ადამიანი სოლიდარობას უცხადებდა რეპერ პაბლო ჰასელს.
“აქ იმიტომ მოვედი, რომ უსამართლოდ მიმაჩნია იმ მომღერლის დაპატიმრება, რომელმაც უბრალოდ სიმღერით გამოხატა თავისი აზრი”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯოანი
„მე მგონია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც რეპრესიები კვლავ გრძელდება. მე აქ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მოთხოვნით მოვედი“,- განაცხადა ერთ-ერთმა მომიტინგე ანამ.
ღამით დაძაბულობამ იმატა.
მუქ ტანსაცმელში გამოწყობილი მომიტინგეები ქალაქის ცენტრიდან გამოვიდნენ და ეროვნული პოლიციის შტაბისკენ დაიძრნენ.
ნახევარსაათიანი შეტაკების, ბოთლების, ნაგვის სროლისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ პოლიციამ ფურგონები გამოიყვანა, რომ ქუჩა გაეწმინდა.
ჰასელი სამშაბათს დააკავეს, კვირას კი პოლიციასთან შეტაკებების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.
რეპერს ცხრათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმ სტატუსებისა და ლექსების გამო, რომლებითაც იგი შეურაცხყოფას აყენებდა ესპანეთის მონარქიას და განადიდებდა ტერორიზმს.
მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ ამით ესპანეთში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.