Clubhouse ახალი სოციალური ქსელია, რომელიც ხელმისაწვდომია 2020 წლიდან, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ამიტომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც, როგორებიცაა ფეისბუკი და ტვიტერი, დაიწყეს მის ანალოგიაზე მუშაობა.
აპლიკაციების ანალიტიკური კომპანიის App Annie-ის მონაცემებით, 16 თებერვლიდან დღემდე Clubhouse მომხმარებელთა რიცხვი 8 მილიონს გადასცდა. 1 თებერვალს მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიონი იყო. კვლევა აჩვენებს, რომ აპლიკაცია საგრძნობლად პოპულარულია დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბრაზილიასა და თურქეთში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ასეთი სწრაფი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ფეისბუკის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგისა და ბიზნესმენ ილონ მასკის დარეგისტრირება იყო. მათ ონლაინშეხვედრა გამართეს თავიანთ გამომწერებთან.
როგორ მუშაობს Clubhouse?
სოციალური ქსელი წარმოადგენს აუდიოჯგუფს. მომხმარებელი ქმნის ოთახს სპეციალური თემით. საზოგადოებას შეუძლია, შეიტყოს, თუ რა საკითხთან დაკავშირებით შედგება მსჯელობა. შემდეგ მომხმარებელი იწვევს თავის გამომწერებს, ისინი – თავიანთ გამომწერებს და ასე იქმნება კლუბი.
აპლიკაცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ iOS-ის მოწყობილობებისთვის და მასში დარეგისტრირება მხოლოდ მოწვევით შეიძლება, ამისთვის კი სოციალური ქსელის უკვე მოქმედი წევრი უნდა დაეთანხმოს თქვენს თხოვნას დარეგისტირებაზე.
საინფორმაციო ბლოგში Clubhouse-ის შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ მათი მიზანია, 2021 წელს აპლიკაციის ბეტა-ტესტირება დაასრულონ, რათა საბოლოოდ „კლუბი მთელი მსოფლიოსთვის იყოს ხელმისაწვდომი“.
Clubhouse-ში რეგისტრაციის თხოვნებმა ქართულ სოციალურ ქსელშიც მოიმატა. შეიქმნა ქართული Clubhouse-ის ჯგუფიც, რომელშიც მომხმარებლები ერთმანეთს მოწვევას უგზავნიან. ისინი ასევე მსჯელობენ, თუ რატომ მოსწონთ ესა თუ ის ვირტუალური ოთახი.