მთავარისაქართველოთბილისი არასდროს იყო ისეთი მწვანე, როგორიც ფოტოებზე ჩანს

თბილისი არასდროს იყო ისეთი მწვანე, როგორიც ფოტოებზე ჩანს

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ბოლოს 33 წლის წინ განსაზღვრეს.  დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს საქმე ხარჯებსა და დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, ამიტომაც მწვანე საფარის აუცილებელი მოცულობის განსაზღვრა ჯერჯერობით არ იგეგმება.

„რა მწვანე იყო თბილისი“, დააბრუნეთ ხეები“ – სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება საბჭოთა თბილისის კადრები, რომლებსაც ნოსტალგიით სავსე კომენტარები მოჰყვება, თუმცა სიმართლე ისაა, რომ თბილისი არც არასდროს იყო ისეთი მწვანე, როგორიც ფოტოებზე ჩანს.


ქალაქში მწვანე სივრცეების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე,  ქალაქების მწვანე სტატუსის ერთ-ერთი ინდიკატორია.

საბჭოთა პერიოდში მიღებული  ნორმატიული აქტებით, საქართველოსთვის სავალდებულო იყო  ერთ სულ მოსახლეზე 15 კვადრატური მეტრი  გამწვანებული ადგილი. თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 13 კვადრატულ მეტრს არასდროს აღემატებოდა.

„თბილისისთვის ჭადრები ძალიან დამახასიათებელია და ქალაქის ცენტრალურ პროსპექტებზე ისინი სულ გაშენებული იყო, მაგრამ ერთი პერიოდი გაჩნდა მოსაზრება, რომ ჭადარი ალერგიას იწვევს. ამ მიზეზით გადაწყვიტეს სხვა სახეობის ხეების შემოტანა. ამ სახეობებმა ზოგიერთ ადგილას გაამართლა, თუმცა ბევრგან ახალდარგული ნერგები მალევე გახმა“, – აღნიშნავს „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

გამწვანების რაოდენობა ყველა ქალაქში განსხვავებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე – სულ მცირე 9 კვადრატული მეტრი უნდა იყოს.

გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის, მამუკა სალუქვაძის, თქმით მხოლოდ განაშენიანებულ ტერიტორიაზე დღეს 1 სულ მოსახლზე 2,8 კვადრატული მეტრი გამწვანებული არეალი მოდის, რითაც თბილისი ევროპის ქალაქების უმეტესობას  ჩამორჩება.

„გენგეგმის ფარგლებში, იმ მეთოდით რომელიც თავის დროზე იყო მიღებული, შევეცადეთ მიგვეღო გამწვანების ის რაოდენობა ერთ სულ მოსახელზე, რომელიც თბილისის განაშენიანებულ ნაწილშია. ეს დაახლოებით 2,8 კვადრატული მეტრია.  თქვენ თვითონ ხვდებით, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია“, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ სიმწვანის განსაზღვრა დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, საბა ფიფიას თქმით,  გენგეგმის ფარგლებში გამოყოფილია 5 საპარკე ადგილი.

„რეალურად,რადგან მიწათსარგებლობის გეგმა გვაძლევს ქალაქში გენგეგმარების განხორციელების საშუალებას ათწლიან პერსპექტივაში, და ამ გეგმაში გვაქვს გამოყოფილი 5 ძირითადი საპარკე ადგილი, და გარდა ამისა, გენგეგმამ გამწვანებული ტერიტორიების ფუნქციური – თემატური რუკა შემოიტანა, რომელიც სავარაუდო გამწვენებისთვის შეიძლება გამოიყენონ, ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ეს ტერიტორიები ავითვისოთ და შემდეგ ამის საფუძველზე დავთვალოთ“, – აღნიშნავს მერიის წარმომადგენელი.

ბოლო წლებში ქალაქში არსებული პარკების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მწვანე აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი რეაბილიტაციის დროს მწვანე საფარის უგულვებელყოფა ხდება.

„ახლანდელ პარკებს თანამედროვე ტიპის სკვერი დაარქვეს და ეს გულისხმობს რაც შეიძლება მეტ ბეტონს.  მთავარია ხე იყოს, ერთი ორ იტალიურ ხეს დარგავენ. მიწის საფარი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორიც ხე და ამ ბეტონში ჩასმით, ისინი კი არ ამატებენ, არამედ აკლებენ საფარს. ყველაფერს შვრებიან რომ ძვირადღირებული  ხეები შემოიტანონ იმ დროს, როცა აქაური სანერგეები ყველა დაძირეს“, – ამბობს აქტივისტი ნატა ფერაძე.

ექსპერტები ამბობენ, რომ თბილისი მწვანე ქალაქი არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში, ბეტონის საფარმა აშკარად გადააჭარბა მწვანე საფარს.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

 

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend