მთავარიმსოფლიოაშშ-ირანის ურთიერთობის მომავალი

აშშ-ირანის ურთიერთობის მომავალი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანი მზადაა, 2015 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობები შეასრულოს, თუ ამერიკა მათ სანქციებს მოუხსნის. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ირანთან ურთიერთობის დალაგებას უჭერენ მხარს. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მხარს ევროპის ლიდერებიც უჭერენ.

როგორც ჩანს, ამერიკისა და ირანის შეთანხმების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირანი შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, ამერიკა სანქციების მოხსნას დასთანხმდება. განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ახალი ადმინისტრაცია ტრამპის მიერ გაცემულ ბრძანებებს გააუქმებს, ირანი მზად იქნება, ხელშეკრულებას კვლავ შეუერთდეს.

2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების აღდგენას მხარს უჭერენ ევროკავშირის ლიდერებიც. ეს თემა, სავარაუდოდ, დიდი შვიდეულის მომავალ შეხვედრაზე განიხილება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეთანხმების მიღწევას გარკვეული დაბრკოლებები უშლის ხელს.

„აშკარაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას 2015 წლის შეთანხმების აღდგენა სურს. თუმცა საეჭვოა, რამდენად დასთანხმდება ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნებს. ჩვენ გვსურს, რომ ეს საკითხი დიპლომატიურად გადავწყვიტოთ“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკი რააბი.

თეთრი სახლის განცხადებით, თუ მხარეები შეთანხმდნენ, ეს მათ ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„თუ ირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს, ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით. ეს შეთანხმება შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს. ჩვენ მზად ვართ, ირანთან ურთიერთობა ყველა მიმართულებით განვავითაროთ“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.

თუმცა, ჯერჯერობით სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ირანის მთავრობის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა 23 თებერვლამდე არ მოხსნის სანქციებს, იგი ქვეყნიდან გაეროს დამკვირვებლებს გააძევებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend