მთავარი საქართველო გიორგი გახარია გადადგა - მან გადაწყვეტილება გუნდში უთანხმოებით ახსნა

გიორგი გახარია გადადგა – მან გადაწყვეტილება გუნდში უთანხმოებით ახსნა

საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს დილით გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. მან ეს გადაწყვეტილება მმართველ გუნდთან ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. გიორგი გახარიას საგანგებო ბრიფინგს წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველების გამოჩენას ელოდნენ. პოლიცია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 18 თებერვალს, დილით გამოჩნდა, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

 
ამის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც მან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდთან ნიკა მელიას საქმეზე უთანხმოებით ახსნა.

“ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციისა. არი იარსებებს რისკი თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას ბრიფინგის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

პრემიერ-მინისტრის გადადგომას საზეიმო შეძახილებით შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ახლა გამოსავალი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

„მინდა ოპოზიცური პარტიების სახელით გავაკეთო განცხადება – მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

გიორგი გახარიას გადადგომა შეაფასეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიური პარტიების ლიდერებმა.

„როცა ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია, ნებისმიერი მცდელობა, გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი აირჩევს, დააკომპლექტებს და მანდატს მისცემს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, არის წინასწარ განწირული. ეს იქნება უფრო დიდი ნაბიჯი მომავალი დაპირისპირების და დესტაბილიზაციისკენ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

მმართველი გუნდისთვის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა. ქართული ოცნებაში განმარტეს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება არგუმენტირებული არ იყო.

„ბატონი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ“ -განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახლა ვიცე-პრემიერი შეასრულებს. საქართველოს პარლამენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმომადგენელი მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცოს. ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები