მთავარისაქართველოსად მიდის ნაგავი

სად მიდის ნაგავი

თბილისის ლილოს ნაგავსაყრელის თავზე უამრავი ფრინველი დაფრინავს. წესით, აქ მხოლოდ ის ნარჩენი უნდა ხვდებოდეს, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება, თუმცა ეს ასე არ არის. აქ ის მყარი ნარჩენებიც ხვდება, რომელთა მეორად პროდუქტად გადამუშავება შესაძლებელი იქნებოდა.  სწორედ იმისთვის, რომ ასეთი ნარჩენები ნაგავსაყრელზე აღარ მოხვდეს, თბილისში სეპარაციისთვის განკუთვნილი ნაგვის ურნები, 25 ადგილას განთავსდა. ამ ურნებში ცალ-ცალკე უნდა მოთავსდეს – შუშის, პოლიეთილების თუ სხვა სახის ნაგავი.


აი, რა უთხრეს გამვლელებმა ევრონიუს ჯორჯიას ნაგვის სეპარაციის თაობაზე:

“არ ვფიქრობ, რომ ნაგვის დახარისხების საკითხი საქართველოში მნიშვნელოვანია. ამიტომ არც იმას ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ნაგავს ახარისხებს. ამის წახალისება ალბათ მერიისგან ან ადგილობრივი თვითმმართველობისგან უნდა მოხდეს. ქალაქში განთავსებული ყოველი ურნა ამის მიხედვით უნდა იყოს. ლითონი ცალკე უნდა გადავყაროთ, შუშა ცალკე და ასე შემდეგ”.

„მე როგორც ვატყობ, ყველა ეგრევე ყრის ნაგავს. მე პირადად როცა მეგობრებთან ერთად ვარ, სულ ვაკვირდები რა აწერია ნაგვის ურნას. შუშას ცალკე ვაგდებ, პოლიეთილენს ცალკე. ვფიქრობ, რომ ცუდი იდეა არ არის იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართლა აბინძურებს გარემოს“.

„როცა სახლიდან გამომაქვს ნაგავი და დიდ ურნებში ვყრი, მაშინ არ ვახარისხებ, მაგრამ როცა ქუჩაში სპეციალურად დადგმული ურნები მხვდება, რა თქმა უნდა… იმიტომ, რომ ეს ხომ მუშავდება თანდათანობით“.

თბილისი ნაგავსაყრელი

ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი გულიაშვილის, განცხადებით, ნაგვის გადამამუშავებელ კერძო კომპანიებს საკმარისი ნედლეული არ მიეწოდებათ. მისი თქმით, ამ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების სეპარაციას. ამ შემთხვევაში, მათ თავად გაუჩნდებათ სურვილი, რომ ნარჩენები დაახარისხონ და არ გადაყარონ.

„სეპარირებული შეგროვება უნდა დაინერგოს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი იმისთვის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს. უნდა განთავსდეს ურნები ცალ-ცალკე, რომ მოხდეს ნარჩენების სეპარირება.  რა თქმა უნდა, აუცილებელია საზოგადოებასთან მუშაობა მათი ცნობიერების ამაღლებაზე. მათ უნდა ავუხსნათ თუ რატომ უნდა განთავსდეს ნარჩენი ცალკე, შემდეგ რა ელის მას, როგორ გადამუშავდება და საბოლოოდ რას მივიღებთ“, -ამბობს გიორგი გულიაშვილი.

ნაგავი

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადამუშავებული ნარჩენი წარმოებაში დაბრუნდეს. სწორედ ამიტომ დაინერგა ნარჩენების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც მწარმოებელს ავალდებულებს თვითონ იზრუნოს მისი საქარმოს მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე, შეაგროვოს, განაცალკევოს და მისი გადამუშავებაც უზრუნველყოს.

„ამ სფეროში წინგადადგმული ნაბიჯი რამდენიმე მიმართულებით გვაქვს. ეს არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ იმპორტიორმა ან ბაზარზე განმთავსებელმა თავისი ნარჩენები თვითონვე უნდა მართოს. როცა ნარჩენის ხმარებიდან ამოწურვა მოხდება, ნარჩენი უნდა მართოს მეწარმემ. ეს ეხება საბურავებს, გამონაცვალ ზეთებს, ბატარეებს, სახიფათო ნარჩენებს. ეს ერთი თემა მოგვარებული გვაქვს.“

თბილისი ნაგავსაყრელი
თბილისის მთავარი ნაგავსაყრელი/ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

თანამედროვე მსოფლიოში, კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს გარემოს დაცვის პოლიტიკაში, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მყარი ნარჩენების გადამუშავებაა. ეს კი ამ სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაც არის. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველო ისწრაფვის, ის ქვეყანა გახდეს, სადაც ნარჩენების დახარისხება და გადამუშვება მოხდება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend