მთავარისაქართველორა გავლენა აქვს პანდემიას ქართული ღვინის ბიზნესზე

რა გავლენა აქვს პანდემიას ქართული ღვინის ბიზნესზე

კორონავირუსის პანდემია მძიმე გამოწვევად იქცა, როგორც ჯანდაცვის სფეროსთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისათვის. საქართველოში უცხოელი ტურისტების ნაკლებობამ და ბარ-რესტორნების დახურვამ ღვინის ბიზნესიც მნიშვნელოვნად დააზარალა.

ილია ლალიაშვილს უკვე ოთხი წელია, თბილისში მარანი აქვს. მისი შემოსავალი ღვინის ტურიზმზეა დამოკიდებული. პანდემიის გამო 2020 წლის 8 მარტის შემდეგ ლალიაშვილების მარანში სტუმარი არ მისულა.

„2020 წლიდან, ფაქტობრივად, ტურისტი არ გვყოლია. უკანასკნელი ჯგუფი 8 მარტს გვესტუმრა. პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა. დასაქმებული გვყავდა რამდენიმე კადრი – მზარეული, მოცეკვავეები, მუსიკოსები… ახლა სრულიად გავჩერდით. ძალიან მძიმე ვითარებაა“, – ამბობს ილია ლალიაშვილი.

გარდა ტურიზმისა, ღვინის მწარმოებელი კომპანიები სარესტორნო ბიზნესზეც არიან დამოკიდებული. ნოემბრის ბოლოდან, სარესტორნო სექტორის დახურვის შემდეგ, ღვინის მწარმოებელი კომპანიების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. კრიზისთან გამკლავების საშუალება მომხმარებლისთვის გამოძახების სერვისის შეთავაზება გახდა.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო, თუ როგორ გადაერთვებოდა მომხმარებელი ღვინის ონლაინ შეძენაზე. როგორც აღმოჩნდა, მზად იყვნენ და ჩვენც და ჩვენი მომხმარებელიც  გადავერთეთ ჩვენთვის აქამდე უცნობ ვირტუალურ პლატფორმაზე და, შესაძლოა ითქვას, წარმატებით გავართვით თავი. თუმცა ბარის დაკეტვა ჩვენთვის ზიანის მომტანი იყო, რადგან იგი ჩვენი გაყიდვების დიდ ნაწილს შეადგენს“,  – ამბობს ბარ-მაღაზიის მენეჯერი ვასო ხატიაშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ღვინის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 1%-ით შემცირდა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 216,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2019 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით ნაკლებია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ლევან მეხუზლა ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მეტად დაზარალდნენ  ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები, რომლებიც შიდა ბაზარზე არიან დამოკიდებული.

„ყველაზე ცუდი, რაც კოვიდპანდემიას ახლავს, არის ის, რომ შეუძლებელია თუნდაც მოკლევადიანი პროგნოზირება. სიტუაცია მუდამ იცვლება და თითქმის წარმოუდგენელია, დაგეგმო მომავალი. ამიტომაც ბევრ მარანს გაჩერება მოუწია და იმის მოლოდინშია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – ამბობს ლევან მეხუზლა.

ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლისათვის ონლაინპლატფორმის შექმნას გეგმავს. ვირტუალური სივრცე მცირე მარნებს კრიზისულ პერიოდში  გადარჩენის შესაძლებლობას მისცემს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend