კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 4 თვეში უნგრეთში ყველა ბიბლიოთეკა დაიხურა, თუმცა ბუდაპეშტის ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში მკითხველებთან შესახვედრად ინოვაციური საშუალება მოიფიქრეს. მათ ეგრეთ წოდებული გადაცვლის პუნქტები მოაწყვეს. აქ მკითხველს შენობაში შეუსვლელად შეუძლია წიგნების გატანა თუ უკან დაბრუნება. მომსახურების ამ ფორმას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და მალე ძალიან პოპულარულიც გახდა.
ფერენჩ ფარკასი ერვინ საბოს ბიბლიოთეკის თანამშრომელია. მისი თქმით, გასული კვირიდან მოყოლებული 5500 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა თუ ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიტანა. მკითხველს არა მარტო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, არამედ ბუდაპეშტის მასშტაბით 44 სხვადასხვა ადგილზე შეუძლია წიგნებით სარგებლობა.
ამისათვის მსურველებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ სასურველი წიგნები. დაბრუნების შემდეგ წიგნი 72 საათის განმავლობაში იზოლაციაში ინახება. ზოგიერთს წიგნი ნაშრომზე სამუშაოდ სჭირდება, ზოგისთვის კი ეს თავის შესაქცევი საშუალებაა.
2019 წელს ბიბლიოთეკაში 280 000 ადამიანი იყო გაწევრიანებული. ცენტრალურ შენობას დღეში ხანდახან 5000 ადამიანი სტუმრობდა. წიგნების გადაცემის ეს ახალი მეთოდი კი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა კოვიდრეგულაციების გამო ბევრი სერვისი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.
ბიბლიოთეკის შენობაში 3 მილიონზე მეტი დოკუმენტი ინახება, მაგრამ ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი მხოლოდ 1 მილიონი წიგნია, თუმცა გახსნის შემდეგ ყველა დოკუმენტის ნახვა შეეძლება მკითხველს.
უცხოური ლიტერატურის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მსგავსი სერვისი ნოემბერში აამუშავა. ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები და მკვლევრები. წიგნები 160 ენაზეა წარმოდგენილი.
უცხოური ლიტერატურის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ანნა მარაია პაპი ამბობს, რომ ამ ინიციატივას საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
ერვინ საბოს სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი ჯერ კიდევ ცარიელია, თუმცა იმედი აქვთ, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება.