მთავარისაქართველოჩამორთმეული მანდატი

ჩამორთმეული მანდატი

88 მომხრე ორი კი წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერეს. საკითხზე ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა, პროკურატორის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ამიერიდან პროკურატურას უფლება აქვს საქმე სასამართლოში წაიღოს. პროკურატურამ, ეს მოთხოვნა, საქმის სასამართლოში დავის დასაწყებად დააყენა. მმართველი პარტიის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

“არავის აქვს უფლება, ქართული სახელმწიფოს საფუძვლები შეარყიოს. შესაბამისად, ჩვენ ამის უფლებას ვერავის ვერ მივცემთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას  საშუალება ექნება, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

 

პროკურატურის წარმომადგენელმა ამირან გულუაშვილმა, კენჭისყრის შემდეგ თქვა, რომ  სასამართლოს განჩინებების დაცვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა მიუხედავად მათი პარტიული მდგომარეობისა და თანამდებობისა. მისი თქმით, მაღალი თანამდებობა და საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის და ვერც იქნება ინდულგენცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. მისივე განცხადებით, სასამართლო დავაზე მიმდინარე კვირაშივე გადაწყდება ნიკა მელიას დამნაშავეობის საკითხი. პროკურატურა სასამართლოსგან ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას მოითხოვს.

„საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩაინიშნოს შესაბამისი სასამართლო სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა”, – განაცხადა პროკურორმა.

დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე, ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმა. წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ორი დეპუტატი – პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები.

“დღეს სამწუხაროდ, პარლამენტი იქცა პროკურატურის გაგრძელებად. ეს შედეგი დადგა იმის გამო, რომ თავის დროზე ჯოჯოხეთურ მართლმსაჯულების სისტემას აშენებდა “ნაციონალური მოძრაობა” . ისინი იყვნენ ამის არქიტექტორები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელიას საკითხს მომდევნო დღეებში სასამართლო განიხილავს. პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს. თუ ნიკა მელია გამართლდა, მას პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება ავტომატურად აღუდგება. თუ ის სასამართლომ წაყენებულ ბრალში, დამნაშავედ ცნო, მაშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს“ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ელის.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend