მთავარისაქართველოტემპერატურის კონტროლი, ხელების დამუშავება და პირბადე - წესები მოსწავლეებისთვის

ტემპერატურის კონტროლი, ხელების დამუშავება და პირბადე – წესები მოსწავლეებისთვის

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, ნაწილი სწავლას კვლავ დისტანციურად განაგრძობს. ეს მოსწავლეთა ოჯახის წევრების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომლის შეცვლის საშუალებაც მათ ყოველ ოთხშაბათს ექნებათ. სკოლებში დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სპეციალური წესებია. ნორმაზე მაღალი ტემპერატურის გამოვლენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლე მეურვის მოსვლამდე სპეციალურად იზოლირებულ ოთახში უნდა გადაიყვანოს. სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრომ არ შეიმუშავა შესაბამისი სამოქმედო გეგმა სასწავლო პროცესის უსაფრთხო და ეფექტური მართვისთვის.

სკოლაში დაბრუნებულებისთვის მონატრებულ საკლასო ოთახებამდე დიდი გზაა – მათ ჯერ ტემპერატურის კონტროლი უნდა გაიარონ, შემდეგ ხელები სპეციალური ხსნარით დაიმუშაონ, მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი მოსწავლეები გაკვეთილებს პირბადით უნდა დაესწრონ.

 
“თუკი მოსწავლეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, მას ცალკე მოვათავსებთ. 15 წუთის შემდეგ ტემპერატურას კვლავ გადავუმოწმებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრით, თუკი კვლავ აღმოაჩნდა ტემპერატურა, მოსწავლე გადადის სპეციალურად განკუთვნილ საიზოლაციო ოთახში, სადაც კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებსა და დადგენილ რეგულაციებს, სკოლა სრულად უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით”, – განმარტავს თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამუნა კაპანაძე.

ანასტასია და დემეტრე სკოლაში ჯერ არ დაბრუნებულან. ისინი კვლავ ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან, ასე დედამ გადაწყვიტა. მათი მასწავლებლები  გაკვეთილებს საკლასო ოთახებშიც ატარებენ და დისტანციურადაც.

“ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რა არჩევანი გამეკეთებინა – დამეტოვებინა ონლაინ რეჟიმში თუ გამეშვა სკოლაში. ძალიან უნდოდათ ბავშვებს სკოლაში წასვლა, დემეტრეს განსაკუთრებით. პირველკლასელია და ფაქტობრივად არ გაუგია რა არის სკოლა, ვინ არიან მასწავლებელები, თანაკლასელები, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე. შევხედავ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში რა მდგომაროება იქნება სკოლებში, როგორ დაიცავენ წესებს და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას დავრჩებით, კვლავ ონლაინ რეჟიმში თუ წავალთ სკოლაში”, – ამბობს სკოლის მოსწავლეების, ანასტასია და დემეტრე სოსიაშვილების დედა, ნათია ცინცაძე.

პანდემიის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით 15 თებერვალს პირველად განახლდა სწავლა სკოლებში. თუმცა სურვილის შემთხვევაში ძალაშია ონლაინ სწავლებაც. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ სკოლებში რეგულაციების დაცვისა და კონტროლისთვის განათლების სამინისტრომ სათანადო გეგმა არ შეიმუშავა.

“როგორ ხდება დადგენილი რეგულაციების მონიტორინგი და კონტროლი სკოლებში – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზე იქნება თუ სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავა, ეს მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, განათლების სამინისტროს ერთიანი გეგმა არ აქვს. როგორ მიიღოს სკოლამ გადაწყვეტილება, რა კრიტერიუმები გაითვალისწინოს, ვინ ახდენს ამის მონიტორინგს, ეს ყველაფერი დოკუმენტურად უნდა იყოს გაწერილი და ჩვენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ასევე მშობლებს პასუხი უნდა გვქონდეს აბსოლუტურად ყველა კრიტიკულ კითხვაზე”, – აცხადებს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” პროექტების ხელმძღვანელი ნანა გოჩიაშვილი.

სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, სადაც ნათქვამია, რომ სასწავლო პროცესის ეფექტური მართვისთვის განათლების სამინისტროს ერთიანი სამოქმედო გეგმა არ წამოუდგენია.

“არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 7 თებერვლის განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება საკმარისად, რადგან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო”, –  ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის მთავარი პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების პასუხისმგებლობა.

“სასწავლო პროცესი დაორგანიზებულია. ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, როგორც სამინისტროსი, ასევე სკოლების ადმინიტრაციის, მასწავლებლების და და მშობლების, დავიცვათ ის წესები, რომლებიც შემუშავებულია და რომლებიც დაიცავს თთოეული მოსწავლისა და მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც იქნება იმის წინაპირობა, რომ სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე საკლასო ოთახებში გაგრძელდება” – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

ანასტასიას და დემეტრეს ახლა ყველაზე მეტად სურთ უსაფრთხო სასწავლო გარემო, იმისთვის, რომ დედამ სკოლაში მალე გაუშვას.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend