თბილისის მეტროს მშენებლობა 1965 წელს დასრულდა, ხოლო პირველი მგზავრობა 1966 წელს შედგა. მას შემდეგ, თბილისი იმ ქალაქებს შორის არის, სადაც გადაადგილების ეს იაფი და სწრაფი საშუალება არსებობს.
შაქრო ხვედელიძე ერთადერთია იმ მემანქანეებს შორის, ვინც მეტროს გახსნის დღიდან მოყოლებული, თბილისის მეტროპოლიტენში მუშაობს. ახლა უხარია, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა.
„მეტროპოლიტენის გახსნა თბილისისთვის, მისი მაცხოვრებლებისთვისა და სტუმრებისთვის ძალიან დიდი სიმდიდრე იყო. მაშინ გაგვიშვეს მოსამზადებელ კურსებზე მოსკოვში. მარტო მემანქანეები კი არა, ყველა პროფესიის ხალხი. სხვათაშორის მაშინ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. 22 წლისაც არ ვიქნებოდი. მეტრო ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უსაფრთხო ტრანსპორტია და ჰაერსაც არ აბინძურებს,“ თქვა პირველმა მემანქანემ ევრონიუსთან საუბარში.
თბილისის მეტროს მშენებლობა 1952 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ თბილისი პირველი ქალაქი იყო სადაც მეტრო გაიხსნა, მიუხედავავდ იმისა, რომ 50-იან წლებში თბილისის მოსახლეობა მილიონს არ შეადგენდა, არადა, ეს მაშინ, მეტროს აშენების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო.
თბილისის მეტროს პირველი ვაგონი კი მეორე მსოფლიო ომში გამრჯვებული ჯარისკაცების ალაფი იყო. გერმანიიდან წამოღებული ვაგონი, რუსეთის მეტროს ვაგონებს ჩაება, რის შემდეგადაც, საქართველოში ჩამოიტანეს.
თავიდაპირველად, თბილისის მეტრო ერთ ხაზსა და 6 სადგურს მოიცავდა. შემდეგ კი, 2 ხაზი გაკეთდა და დღეს თბილისში 23 გაჩერებააა.
ნატო გენგიური, რომელიც თბილისის მეტროს ისტორიასა და არქიტექტურას იკვლევს, მიიჩნევს, რომ მეტროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის განვითარებისათვის.
„მეტროსადგურებს, რომლებიც თბილისმა შემოინახა მხატვრული და არქიტექტურული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ, როდესაც მეტროს მშენებლობა დაიგეგმა, მასში სამუშაოდ მთელი იმდროინდელი შემოქმედებითი საზოგადოება ჩაერთო. ფაქტობრივად, ეს ხელოვნების სინთეზს ქმნიდა და ჩვენი მეტროსადგურების უნიკალურობას. ეს ღირებულება, რაც დრო გადის მით უფრო მნიშვნელოვანია რადგან ეპოქის სახეს ქმნის,“ ამბობს ხელოვნებათმცოდნე.
მუდამ მოგუგუნე და გადატვირთულ მეტროსადგურებში, ახლა სიხალვათეა. თუმცა თბილისის ისტორიული მეტროს საშუალებით, მოსახლეობა კვლავ გადაადგილდება, ოღონდ ამჯერად ნიღბებით.
თორნიკე კოპლატაძე