მთავარიdraft geoიტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ახალი მთავრობა წარადგინა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ახალი მთავრობა წარადგინა

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ იტალიის მთავრობის მეთაურობა ჩაიბარა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტექნოკრატი იკავებს. მარიო დრაგიმ იტალიის მთავრობის შემადგენლობაც წარადგინა, მათ შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს მმართველობის დროს დანიშნული მინისტრები, რომლებიც იტალიას, პანდემიით გამოწვეული მძიმე ფინანსური კრიზისის დროს უნდა გაუძღვნენ.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იტალიის გადასარჩენად გაერთიანდნენ. ამ გაერთიანებას იმანაც  შეუწყო ხელი, რომ მთავრობის ხელმძღვანელი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც   მძიმე ფინანსური კრიზისის დროს ევროს ვალუტა გადაარჩინა. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ მინისტრთა ახალი კაბინეტი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიხედვით ჩამოაყალიბა.

იტალიის ახალ მთავრობაში 15 პოლიტიკოსი და 8 ტექნოკრატია, ეს ადამიანები ბიზნესის სფეროში პატივისცემით სარგებლობენ. ახალი მთავრობის მთავარი მიზანი ევროკავშირის პოსტპანდემიური ფონდის დახმარებით იტალიის არსებული კრიზისიდან გამოყვანაა.  ამ გეგმის  ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაც იქნება. იტალიის ხელისუფლებამ გეგმა  ევროკომისიას აპრილის თვეში უნდა წარუდგინოს.

,,იტალიის ბანკის’’ გენერალური დირექტორი დანიელე ფრანკო ახალ მთავრობაში უკვე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. რაც შეეხება ახლადშექმნილ გარემოს დაცვის სამინისტროს, მას ცნობილი მეცნიერი რობერტო ჩინგოლანი უხელმძღვანელებს. ახალი სამინისტრო ძირითადად წარმართავს მწვანე პროექტების განხორციელების პროცესს. ამ პროექტებს ევროკავშირის ფონდი დააფინანსებს.

2012 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სილვიო ბერლუსკონის პარტია ,,ფორცა იტალია’’ დაბრუნდება კოალიციურ ხელისუფლებაში და 3 მინისტრით იქნება წარმოდგენილი. ამდენივე მინისტრის სავარძელი ერგო კიდევ 2 გავლენიან პარტიას: „დემოკრატიულ პარტიასა“ და ,,ლიგას.’’ ახალმა პრემიერ-მინისტრმა წინა ხელისუფლების დროს დანიშნული რამდენიმე გავლენიანი მინისტრიც დატოვა თანამდებობაზე.

ძალაუფლების გადაცემის სიმბოლური ცერემონიალის შემდეგ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ უკანასკნელად დატოვა იტალიის მთავრობის შენობა. მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა იგი თბილი ოვაციებით გააცილეს. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის, მან თანამდებობაზე მოსვლისთანავე პირველი რეკორდი უკვე დაამყარა. იგი, წინამორბედებისგან განსხვავებით, საზოგადოებაში დიდი  პოპულარობით სარგებლობს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნის დროს ცენტრალური ბანკის ყოფილი  ხელმძღვანელის პოპულარობის რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება მისი წინამორბედის კონტის რეიტინგს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend