მთავარი ამბები დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მთავრობას სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლირებისკენ მოუწოდებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მთავრობას სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლირებისკენ მოუწოდებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქობულეთში არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას  სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგონა ბაბუამ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვა. ქობულეთელი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომდევნო დღეს, 11 თებერვალს კი დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

არაოფიციალურად სხვადასხვა წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონა და მისი ოჯახი ექვსი წელია სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა, მათ შორის პოლიციისა და სოციალური სააგენტოს მიმართ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ საქართველოში  ბავშვის უფლებათა კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის აღსრულება არ ხდება.

„არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილი იყო სრულწლოვნობის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის შესახებ (სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 9 წლამდე), სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს სათანადო ზომები არ მიუღიათ. სრულწლოვანი პირი, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის 140-მე მუხლით წაუყენეს, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებისთვის დაზარალებულზე ვრცელდება მოწმისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. მოწმესთან დაკავშირებული წესები ითვალისწინებს მოზარდის გამოკითხვის პროცესში კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობასა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის ჩართვასაც, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. არსებული ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესს სოციალური მუშაკი ესწრებოდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებაში განმარტავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს კანონით მინიჭებული ვალდებულება, დაიცვას ბავშვი ძალადობის ყველა ფორმისგან, მათ შორის, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობისგან. აღნიშნული საკითხი წესრიგდება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერალის) შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლების მინისტრის  ერთობლივი ბრძანებით. ბრძანების მე-5 მუხლი განსაზღვრავს რეფერირების სისტემას, რომელიც გულისხმობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას, ბავშვის მდგომარეობის შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის განთავსებას მომსახურებაში ან მომსახურებებში, რომელიც ხელს შეუწყობს მის უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას, შემთხვევის ზედამხედველობას.   თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვისთვის მხარდამჭერი სერვისები სათანადოდ არ გაუწევია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ ქვეყანაში სოციალური მომსახურების სერვისების გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს და საჭიროა ამ მიმართულებით რეფორმის გატარება.

„სახეზეა სისტემური პრობლემა – პასუხისმგებელი სამინისტროებისთვის სოციალური მომსახურების სერვისების გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების რაოდენობა მწირია და სრულიად არასაკმარისი იმისთვის, რომ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება შესაძლებელი იყოს. რაოდენობის სიმწირის გარდა, სახელმწიფო რესურსს არ იღებს სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, არ ხდება მათი სპეციალიზაცია.  შესაბამისად, სოციალურ მუშაკებს მრავალი მიმართულებით უწევთ მუშაობას, რაც ისედაც მწირი რესურსების უკიდურეს დეფიციტს განაპირობებს. სპეციალიზაციის არ არსებობა და ვიწრო პროფილური კვალიფიკაციის დაბალი დონე კი მუშაობის ხარისხზე აისახება.

მსხვერპლისთვის დახმარების გაწევის პროცესში, მხოლოდ სოციალური მუშაკის შეფასება საკმარისი არ არის და აუცილებელია, მრავალფეროვანი, ხარისხიანი სერვისები, რომლებიც კონკრეტული ბავშვის კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული, იქნება ეს მატერიალური თუ სარეაბილიტაციო. ვინაიდან აღნიშნული სერვისები უკიდურესად მწირია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სერვისები სათანადოდ ვერ ჩაითვლება“, – ვკითხულობთ  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

პროკურატურას – დროულად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება;

შინაგან საქმეთა სამინისტროს – დააყენოს იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დროულად და ეფექტიანად არ აწარმოეს გამოძიება;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს – გაატაროს სისტემური რეფორმა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. ასევე, დაამტკიცოს ძალადობა გამოვლილი ბავშვის დაცვის პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება პოლიციისა და ყველა იმ პირისთვის, რომელსაც ძალადობის შემთხვევაში რეაგირებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი);

საქართველოს მთავრობას – გადახედოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტს და მოახდინოს შესაბამისი ცვლილებები სისტემის ადეკვატური გაუმჯობესების მიზნით

მედიას – მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე,  დაიცვას სუიციდის გაშუქების სტანდარტი.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend