მთავარიგანათლებაპროფესიული განათლების უპირატესობა და დასაქმების შესაძლებლობა

პროფესიული განათლების უპირატესობა და დასაქმების შესაძლებლობა

ევროპის განათლების ფონდის კვლევის თანახმად, ქართველი ახალგაზრდები პასიურობით გამოირჩევიან. ახალგაზრდების დაახლოებით ერთი მეოთხედი არც სწავლობს და არც მუშაობს. სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთი  გზა პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა, რაც შემდგომ დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. „ევრონიუს ჯორჯია“ შეეცადა, გაერკვია, თუ რა სიტუაციაა პროფესიული განათლების მხრივ საქართველოში.

22 წლის ლიზა ჯორჯაძე დღეს წარმატებული ვეტერინარი და კინოლოგია. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან აღმოაჩინა, რომ შეეძლო, ჰობი საქმიანობად ექცია და ვეტერინარ-მექანიკოსის სასერტიფიკატო კურსი გაიარა. ახლა ლიზას ძაღლების სასტუმრო აქვს, ამასთანავე, პატრონებს შინაური ცხოველების გაწვრთნასა და პოსტოპერაციული პერიოდის დაძლევაში ეხმარება.

 
„ვეტერინარ-ტექნიკოსის კურსები დამეხმარა და დღეს ჩემს სასტუმროს ასეთი სერვისი აქვს – ოპერაციის შემდეგ ძაღლები რეაბილიტაციის კურსს აქ გადიან. მე მათ ვმკურნალობ, ვუმუშავებ ჭრილობებს, ვუკეთებ ნემსებს. მთელი ცხოვრება ძაღლებთან ურთიერთობას დავუთმე, პროფესიად ვაქციე და ვამაყობ, რომ ჩემი ჰობი ახლა შემოსავლის წყაროცაა“, – ამბობს ლიზა.

ევროპის განათლების ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდების 26% არც სწავლობს და არც მუშაობს. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა პროფესიული კოლეჯებისა და კურსების განვითარება და მათი პოპულარიზაციაა.

ერთ-ერთი კოლეჯის დირექტორი გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში პროფესიული განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდების რაოდენობა გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ განათლების სამინისტრო გარკვეულ პროფესიულ მიმართულებებს აფინანსებს.

„ჩემი აზრით, მოსახლეობას უნდა გავაცნოთ, რა არის პროფესიული განათლება. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ეჭვის თვალითაც კი უყურებს ამ საკითხს. ეს წარსულის გამოცდილებისა და ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია“,  – აღნიშნავს გიორგი ფოფხაძე.

განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა „ევრონიუს ჯორჯიას“ უთხრა, რომ ბოლო წლებში პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტრომ ბევრი რეფორმა გაატარა,  კოლეჯებში ადგილების რაოდენობა გაიზარდა, გაჩნდა ახალი პროგრამები, ამასთანავე, სამინისტრო ახალგაზრდებს გაცვლით პროგრამებსაც სთავაზობს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის პროფესიულ განათლებას.  გასულ წელს სამხედრო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პროფესიული განათლება და შემდეგ გაიარონ  სამხედრო სავალდებულო  სამსახური.

„ეს პროგრამები შარშან დაინერგა, იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა გაიზრდება.

მაგრამ ყველაზე კარგ მაგალითს ის ახალგაზრდები გვიჩვენებენ, რომლებმაც მიიღეს პროფესიული განათლება და დასაქმდნენ, ან თავიანთი ბიზნესი წამოიწყეს და წარმატებას მიაღწიეს. სწორედ ეს მოიტანს შედეგს და დროთა განმავლობაში გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში პროფესიულ განათლებაში ბევრად უკეთესი სიტუაციაა, განათლების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება  პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და უპირატესობის გასააზრებლად.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend