მთავარი საქართველო პარლამენტის ნდობის ჯგუფმა თავდაცვის მინისტრს მოუსმინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა თავდაცვის მინისტრს მოუსმინა

შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში მოქმედმა ნდობის ჯგუფმა, მოსმენაზე თავდაცვის მინისტრი დაიბარა. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირებისგან, დეპუტატებმა იმ სპეციალური და საიდუმლო პროგრამების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რაც გასული წლის განმავლობაში განხორციელდა. თორმეტ თებერვალს გამართულ დახურულ სხდომაზე, მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ანგარიშიც წარადგინა.

„უწყების შიგნით არსებულ რეფორმებსა და თავდაცვის ძალების შეიარაღების მოდერნიზაციაზე ვიმსჯელეთ. ასევე განვიხილეთ კიბერუსაფრთხოების, სამეზობლო გამოწვევებისა და საერთაშორისო სამხედრო პარტნიორობის საკითხები. საბოლოო ჯამში ჩვენი უწყება ნაყოფიერად თანამშრომლობს პარლამენტთან“, – განაცხადა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის ანგარიშით, კმაყოფილი დარჩა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. დეპუტატის თქმით, თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა საქართველოს მთავრობაში.

„თავდაცვის სამინისტრო გამორჩეულად წარმატებული უწყებაა. სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და რეფორმები მაღალ შეფასებას იმსახურებს. რაც შეეხება დახურული შეხვედრის დეტალებს, ინფორმაციის საიდუმლოებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერაფერს  განვაცხადებ“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ნდობის ჯგუფის დახურული ფორმატის სხდომის გარდა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაც გაიმართა. ტრიბუნასთან მომხსენებლის რანგში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იდგა. სხდომაზე, საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.

„საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრივილეგია მეგობრებია, ის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც მხარს გვიჭერენ. ჩვენი კიდევ ერთი პრივილეგია ისაა, რომ საქართველო მათთვისაც საიმედო მეგობარია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება და მეგობარ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე თქვა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს, ძალაში მომდევნო თვეების განმავლობაშიც დარჩება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები