მთავარიკულტურაკინოსა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალები 2020-ში

კინოსა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალები 2020-ში

წელს, პანდემიამ დიდი პრობლემების წინაშე დააყენა ხელოვნებისა და კულტურის სფეროც. საერთაშორისო ფესტივალები ჩაშლის პირას დადგა. მაგრამ ხელოვნებამ, ისევე როგორც ცხოვრებამ, მაინც იპოვა გამოსავალი და ზოგი რამ, მაგალითად, კინო თუ თეატრალური ფესტივალი, მაინც არ გაუქმდა.

„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა“ და „საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა“, სხვა საერთაშირისო ფესტივალების გამოცდილებით ისარგებლეს და ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლეს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2000 წლიდან კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს თბილისში მასპინძლობს,  წელს ვირტუალურ სივრცეში შედგა.

 
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე მიიჩნევს რომ ფესტივალის თუნდაც ონლაინ რეჟიმში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„შექმნილი ვითარების გამო, დღეს ძალიან ბევრი რეჟისორი ვერ იღებს ფილმს. მაგრამ მათ აქვთ პროექტები. ჩვენ მივეცით საშუალება ქართველ რეჟისორებს, რომ თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო ბაზარზე და აი ეს მრავალ ფეროვანი ვორქშოფები, დისკუსიები თუ კონსულტაციები, ერთგვარი გზამკვლევია რომ კარიერული წინსვლა ქონდეთ,“ თქვა ნინო ანჯაფარიძემ.

ფესტივალის პირველი ორი ნაწილის, ინდუსტრიული დღეებისა და მასტერკლასების დასრულების შემდეგ, მაყურებელს საერთაშორისო პროგრამის ფილმების ნახვა ონლაინ პლატფორმაზე სრულიად უფასოდ შეეძლო. მათ შორის იყო თომას ვინტერბერგის „თრობა“ და სან-სუ ჰონის „ქალი, რომელიც გაიქცა“.

პანდემია განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა თეატრისთვის. საქართველოს თეატრები, უკვე 11 თვეზე მეტია დაკეტილია. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში ის საერთაშორისო სპექტაკლები იყო შესული, რომლებიც მაყურებელმა გასულ წლებში იხილა. ქართული სპექტაკლების პრემიერები კი, პანდემიის წინა თეატრალურ სეზონზე შედგა. ფესტივალის დირექტორისთვის, ეკა მაზმიშვილისთვის ფესტივალზე მუშაობა განსხვავებული და რთული გამოდგა.

„ძალიან დიდი სამუშაო გასწია ფესტივალის გუნდმა და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ ის რასაც აქამდე არ ვაკეთებდით. სრულიად განსხვავებულად ვიმუშავეთ. პლიუს დისტანციურად, რაც ძალიან რთულია.“

პაატა ციკოლიას სპექტაკლის პრემიერა ღია ცის ქვეშ შედგა.  წარმოდგენას ჰქვია -„მედეა S01E06“. ამ  და სხვა სპექტაკლების ნახვა მაყურებელს ფესტივალის ვებგვერდსა და ფეისბუკზე უფასოდ შეეძლოთ.

„ჩვენ გვქონდა ონლაინვერსია მედეასი, სუბტიტრებით და შესაბამისად მისი ჩვენება სრულიად შესაძლებელი იყო. ფესტივალი რომ მაინც ტარდება და მაყურებელს რომ საშუალება აქვს ამჯერად უფასოდ ნახოს წარმოდგენები, ამ შემთხვევაში შეიძლება გაცილებით დიდ აუდიტორიაზე გავიდეს,“ განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა. მან ასევე ონლაინ ჩვენებებთან დაკავშირებულ სირთულეებს გაუსვა ხაზი.

„როცა შუაში ეკრანია, იქ სულ სხვა დისტანციაა და იგივე შთაბეჭდილება და გამოცდილება არ არის, რა თქმა უნდა,მაგრამ ამბის მოყოლა მაინც შეიძლება.“

პანდემიის მიერ გამოწვეულმა შეზღუდვებმა, კულტურა მაინც ვერ დააბრკოლა. და ხელოვნების წარმომადგენელთა სათქმელი, მაინც  მივიდა აუდიტორიამდე.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend