მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში მორიგი შეზღუდვები დაწესდება

ევროპის ქვეყნებში მორიგი შეზღუდვები დაწესდება

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის სერტიფიკატები გადაეცემათ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მიიღეს ან უკვე გადაიტანეს კორონავირუსი. უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს გერმანიაც. ვირუსის სამხრეთაფრიკული შტამის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანა ჩეხეთისა და ავსტრიის სასაზღვრო რეგიონებთან მიმოსვლას წყვეტს. პორტუგალიაში კი საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი 1 მარტამდე გახანგრძლივდება.

მას შემდეგ, რაც გერმანიაში ვირუსის ახალი, სამხრეთაფრიკული ვარიანტი გავრცელდა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა,  ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან შემოსვლა აიკრძალა.  გერმანიაში იანვრის ბოლოს შეიზღუდა იმ ქვეყნებთან  მიმოსვლაც, რომლებშიც მასობრივად არის გავრცელებული კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამი.  ჩეხეთიდან და ავსტრიიდან გერმანიაში შემოსვლის უფლება გამონაკლისის სახით მოქალაქეების მცირე ნაწილსა და იმ გერმანელებს ექნებათ, რომელთაც სახლში დაბრუნება სურთ.


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, 2020 წლის ბოლოს გერმანიის ხელისუფლებამ დროულად არ იმოქმედა და ვერ აღკვეთა ვირუსის გავრცელება.  მისი აზრით, როგორც კი მეორე ტალღის ნიშნები განჩნდა, უფრო აქტიურად უნდა დაწესებულიყო შეზღუდვითი ღონისძიებები. როგორც ბუნდესტაგში აცხადებენ, ეს მათთვის მკაცრი გაკვეთილი იქნება.

პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი პირველ მარტამდე გახანგრძლივდება. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ქვეყანაში მეორე საყოველთაო კარანტინი 15 იანვარს გამოცხადდა. დაიკეტა ყველა მაღაზია, გარდა პირველადი მოხმარების საგნებისა, სავალდებულო გახდა დისტანციური მუშაობა იქ, სადაც ამის შესაძლებლობა აქვთ. შეზღუდვები გაგრძელდება, თუმცა პრეზიდენტის განკარგულებით, მთავრობა უფლებას იტოვებს, გახსნას წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიები. შესაძლოა, შეზღუდვა დაწესდეს ხმაურზეც, რომ ხალხს სახლიდან მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცეს.

პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოუსა აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობა დამატებით 15 დღით გახანგრძლივდება. მას იმედი აქვს, რომ აღდგომისთვის ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა იქნება.

უნგრეთში  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  სერტიფიკატები გადასცენ იმ ადამიანებს, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინის მეორე დოზა, ან უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.  პრემიერ-მინისიტრის აპარატის უფროსმა გულიაშ გერგეიმ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  სერტიფიკატში ვაქცინაციის თარიღიც იქნება მითითებული. ვინც უკვე გადაიტანა კორონავირუსი, მათ სერტიფიკატში ჩაიწერება საავადმყოფოდან გაწერის თარიღი და გამოჯანმრთელების შემდეგ  გაკეთებული კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ორივე ტიპის სერტიფიკატი უფასო იქნება. გულიაშ გერგეიმ ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რა სახის შეღავათებით ისარგებლებენ სერტიფიკატის მქონე მოქალაქეები.

ფრანგმა მონაზონმა, რომელიც დედამიწაზე მეორე ყველაზე ხნიერ ადამიანად ითვლება, სამშაბათს 117-ე დაბადების დღე აღნიშნა. მან უამრავი მილოცვა და საჩუქარი მიიღო. იგი 2 მსოფლიო ომსა და კორონავირუსის პანდემიას მოესწრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend