დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, რადგან ამ რაიონებიდან მიგრაციამ მოიმატა. არადა მოსახლეობის კონფლიქტურ ტერიტორიებზე ყოფნას სახელწმიფოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით, ხელისუფლებამ და სამოქალაქო სექტორმა ამ საკითხზე ერთად უნდა იმსჯელონ.
11 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი გაათავისუფლა. ამასთან დაკავშირებით, დემოკრატიის კვლევის [DRI] ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქეთა გახშირებულ დაკავებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
DRI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემოსაზღვრის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ფონად გასდევს „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება. გადაადგილების თავისუფლების მხრივ, ტრადიციულად მძიმეა ვითარება აფხაზეთის მიმართულებითაც. ჩორჩანა-წნელისის კრიზისმა და კოვიდ 19-ის პანდემიამ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ცხინვალი და სოხუმი კი, ეთნიკური ქართველების მიმართ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის დამაზიანებელ სიმკაცრეს იჩენს. ამგვარი მოპყრობის თვალსაჩინო მაგალითებია ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას შემთხვევები, როდესაც სრულიად აბსურდული ბრალდებით, გახელაძეს 12, ხოლო ირაკლი ბებუას, აფხაზური დროშის დაწვის გამო, 9 წელი მიუსაჯეს.
„ეს ქმედებები, ოსებთან და აფხაზებთან მიმართებაში ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე უაღრესად ნეგატიურად აისახება და აზარალებს სამშვიდობო, შედეგზე ორიენტირებულ, პირდაპირი დიალოგის პერსპექტივას ცხინვალთან და სოხუმთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიუთითებს, რომ ამჟამად ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველო 4 მოქალაქე იმყოფება: გენადი ბესტაევი (მისჯილი აქვს 2 წელი), ლაშა ხეთერელი (1 წელი), რამაზ ბეღელური (2 თვე) და ზაზა გახელაძე (12 წელი და 6 თვე). ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე სანდრო ბერიანიძე იმყოფება, ხოლო აფხაზეთში ერთი – ირაკლი ბებუა (მისჯილი აქვს 9 წელი).
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებმა ოკუპირებულ რეგიონებთან თანაშრომლობის არასტანდარტული მეთოდებიც უნდა გამოიყენოს.
„ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანაზე და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თუმცა, თბილისა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს, თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებაც გააჩნიათ. მაგალითად, 2016 წელს, მხარეებმა რთული დიპლომატიური პროცესის შემდეგ, პატიმრები გაცვალეს. ეს ამბავი აჩვენებს, რომ ისეთი ინსტრუმენტების გამოყენების კვალდაკვალ, როგორიცაა: ცხელი ხაზის გააქტიურება, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და ა.შ. ხელისუფლება ნაკლებად სტანდარტული მეთოდების გამოყენებაზეც უნდა ფიქრობდეს. უკანონო დაკავებებისა და გადაადგილების შეზღუდვის პრაქტიკა სტანდარტულად, დამახასიათებელია კონფლიქტებისთვის. მართლია კვიპროსის, მოლდოვისა და უკრაინის კონფლიქტები საქართველოს კონტექსტიდან განსხვავდება, თუმცა არსებობს საუკეთესო პრაქტიკაც, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მისდევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას.
„დღეს, მათ ადგილზე დარჩენას, სახელმწიფოს შემდგომი უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ამ ნაბიჯებს, ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხობრივი გაუმჯობესება არ გამოუწვევია. სამწუხაროდ, ამ რაიონებიდან ძლიერია მიგრაციული პროცესები. ამიტომ, ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს, ერთად მართებთ ამ საკითხზე მსჯელობა, ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით“, – აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.