მთავარი მსოფლიო 12 თებერვალს "წითელი ხელის დღე" აღინიშნება

12 თებერვალს “წითელი ხელის დღე” აღინიშნება

2002 წლიდან 12 თებერვალს მსოფლიოში “წითელი ხელის დღე” აღინიშნება, რომელიც საომარ მოქმედებებში ბავშვების მონაწილეობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში კონფლიქტურ ზონებში ახალგაზრდების მკვლელობის, დასახიჩრების, მათზე სექსუალური ძალადობისა და გატაცებების 170 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

სირია, იემენი, სომალი, ნიგერია – ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომი მძვინვარებდა. მათ ერთი რამ აქვთ საერთო – ომის სისასტიკე ყველაზე მეტად ბავშვებს აზარალებს.

„ძალიან პატარა ვიყავი. მინდვრებიდან ვბრუნდებოდი მშობლებთან ერთად. ამ დროს შეგვიპყრეს  შეიარაღებულმა ადამიანებმა, მათ  ჯგუფს  „მაი-მაი“ ერქვა. ისინი ჩემს მშობლებს სასტიკად ექცეოდნენ, სცემდნენ. მე კი მშობლებს გამომმტაცეს და ტყეში შემიყვანეს“,  – ამბობს პაბლო.


პაბლომ ორი წელი გაატარა სამხედროებთან ერთად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აქ კონფლიქტის დროს ბავშვებს ხშირად იყენებდნენ ცოცხალ ფარად.

„ყველაზე მძიმე ვითარება საბრძოლო მოქმედებების დროს იყო.ძალიან გვიჭირდა საჭმლის შოვნა, ფაქტობრივად, სულ ვშიმშილობდით. რთული იყო დასაძინებელი ადგილის პოვნაც. შეუძლებელი იყო სამედიცინო დახმარების მიღება. არავინ ზრუნავდა ჩვენზე. ავად გახდომის შემთხვევაში საავადმყოფოშიც ვერ მიხვიდოდი. განსაკურნებლად მცენარეებს ტყეში ვეძებდით“, – იხსენებს პაბლო.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეექვსე ბავშვზე კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს. ამავდროულად, სულ უფრო იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ ომში არიან ჩართული.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯარისკაცი ბავშვების რიცხვი 75%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკიდურესი სიღარიბეა – შეიარაღებული ჯგუფები ბავშვების მშობლებსა და ოჯახებს ჰპირდებიან, რომ უზრუნველყოფენ საკვებითა და მინიმალური საცხოვრებელი პირობებით. ამასთანავე, ბავშვები მიიღებენ განათლებას. სწორედ ასეთი შეთავაზების გამო თანხმდებიან მშობლები, რომ ბავშვები მათ გადასცენ.

გასულ კვირას უგანდის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური დამნაშავედ აღიარეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უარყო დაცვის არგუმენტები იმის შესახებ, რომ დომინიკ ონგვენი, 9 წლის ასაკში აყვანილი ჯარისკაცი, თავად მსხვერპლი იყო.

“ასეთ დროს ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან. მათ გაუნადგურეს ბავშვობა და ჩვენ ვნახეთ, როგორ იქცა მსხვერპლი ბავშვი აგრესორად. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ბავშვებს ომთან არაფერი ესაქმებათ“ ,  –  განაცხადა Vision du Monde– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ რომენ დე ბოსკიმ.

პაბლოს მეორე შანსი მიეცა – მან რეაბილიტაცია გაიარა. ამ პერიოდში შეისწავლა ხეზე მუშაობა და ახალი გზა იპოვა. მაგრამ კონფლიქტების რაოდენობის ზრდასთან ერთად დადგენილია, რომ ასობით ათასი ბავშვი ძალადობის დაუსრულებელ წრეშია ჩაბმული.

გამოსავალი კი არ ჩანს.

უახლესი

სხვა ამბები