მთავარი გადაცემები კუბი რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ

რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ

სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ რუსთავში 13 თებერვალს აქციის მოწყობას გეგმავს. აქციის მონაწილეები პარლამენტისგან  ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონების მიღებას მოითხოვენ.

კანონპროექტი მოიცავს საწარმოებისთვის წესების გამკაცრებას, ჯარიმების გაზრდასა და მილებში თვითმზომების ჩაყენებას, რომელთა დახმარებითაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი  წესების დარღვევას სწრაფადვე გამოავლენს.

კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია, დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა. 2020 წლის დეკემბერში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენით თებერვლის პირველ კვირაში საგაზაფხულო სესიებზე უნდა დაემტკიცებინათ.

„ხვალინდელი აქციის ძირითადი მიზანია, გავაპროტესტოთ ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებილება რუსთავში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისადმი. მათ უკვე მეოთხეჯერ გადადეს კანონმდებლობის მიღების თარიღი. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა შეეხება მესამე მოსმენის ვადას და ვითხოვთ, რომ 4 მარტამდე ჩატარდეს მესამე მოსმენა და დამტკიცდეს კანონმდებლობა“, — აცხადებს მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივისტი თინათინ მაღედანი.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, კანონპროექტი დამტკიცდებოდა დაუყოვნებლივ, რომ არა პარლამენტის რეგლამენტი.

„მეცხრე მოწვევის პარლამენტის კანონპროექტების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება გარკვეული პროცედურები. 15-ვე კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტები, რომელთა გაგრძელებაც უნდათ. ეს უნდა განიხილოს ბიურომ, შემდეგ კი პარლამენტის სესიაზე დადგენილება უნდა იყოს მიღებული. მაგალითად, ჩვენმა კომიტეტმა 5 იანვარს დაადგინა, რომ კანონპროექტს ვადა უგრძელდება. შემდეგ ველოდებოდით სხვა კომიტეტებს. ეს პროცედურები დამთავრდა და ახლა საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნულია თებერვლის მეოთხე კვირაში“, – ამბობს მაია ბითაძე.

მაია ბითაძე აცხადებს, რომ პროცედურების მიხედვით, ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით დღის წესრიგში მარტის პირველ სესიაზე დააყენებენ.

უახლესი

სხვა ამბები