მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთში რესტორნის მეპატრონეები კარანტინს აპროტესტებენ

საბერძნეთში რესტორნის მეპატრონეები კარანტინს აპროტესტებენ

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ათენში დღეიდან კარანტინი გამოცხადდა. კარანტინს პროტესტით შეხვდნენ რესტორნის მეპატრონეები. მათი თქმით, ისინი გაკოტრების პირას არიან და პროტესტის ნიშნად რესტორნის გასაღებები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს.

მთავრობის წარმომადგენლები თავის მხრივ ამბობენ, რომ ბიზნესების დახმარებას ცდილობენ, თუმცა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

იანის კუზუპისი ცარიელ რესტორანში ჯდომას მიჩვეული არაა. მისი ბიზნესი ნოემბრიდან დღემდე დახურულია. ათენში მალე ახალი კარანტინი ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სტუმრებს კიდევ დიდი ხანი ვერ მიიღებს. იანისის თქმით, მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„მე და ჩემი კოლეგები სასოწარკვეთილები ვართ. ჩვენ ჩიხში ვართ შესული. უკვე რამდენი თვეა, რესტორანი დახურულია. შობის დღესასწაულზეც კი არ გაგვიხსნია. ამასობაში კი ბევრი ფინანსური ვალდებულება დაგვიგროვდა, მათ შორის ქირის გადასახადი. მე გადავიხდი იმ ვალს, რომელიც 2020 წლის მარტამდე მქონდა, თუმცა დანარჩენზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“, – ამბობს რესტორნის მეპატრონე იანის კუზუპისი.

67 წლის ბიზნესმენმა რესტორნის მეპატრონეების ფედერაციას თავისი გასაღები გადასცა. ფედერაციის ორგანიზებით, ეს გასაღებები კონვერტებში ჩადეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს. რესტორნის მეპატრონეები მთავრობისგან ვალების ჩამოწერასა და ქირის სუბსიდირებას მოითხოვენ.

„პროტესტის ნიშნად ჩვენი რესტორნების გასაღებები ჩავაბარეთ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ახალი კარანტინის დაწესებას. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება.“ – ამბობს იანისი.

„რესტორნის მეპატრონეები თავს უმწეოდ გრძნობენ. მათ მომავლის ეშინიათ. ბიზნესების 50 პროცენტს სამუდამოდ დახურვა ემუქრება.“ – აცხადებს რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი ჯორჯ კავატასი.

ფედერაციის განცხადებით, საბერძნეთის პარლამენტის წინ რესტორნის მეპატრონეებმა 500 გასაღები ჩააბარეს.

საბერძნეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა განცხადებით, სამეცნიერო კვლევების თანახმად, რესტორნებში ვირუსის გადაცემის მაღალი საშიშროებაა. მთავრობის თქმით ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ბიზნესებს დაეხმარონ, თუმცა პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა რჩება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი