მთავარისაქართველოსაპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ ორი ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა. სამოქალაქო აქტივისტები მმართველი გუნდის ოფისთან 11 თებერვალს, საღამოს შეიკრიბნენ, ისინი ხელისუფლებას ქობულეთში, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე, უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აპირებენ გადანაცვლებას. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს.

 

აჭარაში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე  სისიხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით აღძრა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“პოლიცია მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაზეა, მათზე ძალადობასა და პოლიტიკოსების დაკავებაზეა გადართული და რეალურად არაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში კრიმინალი აღკვეთოს“, – თქვა „მოძრაობა საქართველოსთვის“ ვანო მაღალაშვილმა.

„ჩვენ იმ სისტემას ვაპროტესტებთ, რომელიც ახალგაზრდებს კლავს, არაერთი პატარას სიცოცხლე გამოგვაცალა. 14 წლის ბავშვი, რომელიც სიცოცხლით სავსეა, იმიტომაა გარდაცვლილი, რომ ეს პოლიციელები თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

„მე მოვედი ჩემს თანამოქალაქეებთან, რომელსაც ვხედავ, რომ პოლიცია მორიგ ჯერზე ჩაგრავს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია იჭერდეს მოძალადეებს, ქურდებს, ყაჩაღებს, აქ დგანან, დასდევენ აქტივისტებს, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებას იცავენ“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ დაკავებული ორი აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend