მთავარიCOVID-19სკოლები სწავლას მათზე მორგებული მოდელით განაახლებენ

სკოლები სწავლას მათზე მორგებული მოდელით განაახლებენ

15 თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. სკოლაში ის მოსწავლეები დაბრუნდებიან, რომელთა მშობლებმაც საკლასო ოთახებში მეცადინეობის პრინციპი აირჩიეს, თუმცა ამ არჩევანის შეცვლის საშუალება მოსწავლეების ოჯახის წევრებს სასწავლო წლის ბოლომდე, ყოველ ოთხშაბათს ექნებათ – ამისთვის მათ სპეციალური განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ. ზოგიერთი მასწავლებლისა და მშობლის აზრით, შერეული სწავლების მოდელი ახალ გამოწვევებთან არის დაკავშირებული და სასწავლო პროცესს გაართულებს.

ვიდრე სკოლებში სწავლა ისევ საკლასო ოთახებში განახლდება, დირექცია სწავლების იმ მეთოდს ირჩევს, რომელიც მათ მოსწავლეებზე იქნება მორგებული. 15 თებერვლიდან დიდ ქალაქებში მოსწავლეები სკოლას ისევ დაუბრუნდებიან, თუმცა ყველა მოსწავლე არა. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ დაბალი საფეხურის მოსწავლეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვა გაუჭირდებათ. ზოგი კი ოჯახის იმ წევრებზე დარდობს, რომლებიც რისკჯგუფებს ეკუთვნიან.

 

„ორი შვილი მყავს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ. ის რეგულაციები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაგვაცნო, ჩემთვის მიუღებელია, რადგან ის უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის უნდა იყოს, ფაქტობრივად, არ არის დაცული. უმთავრესი ბავშვების უსაფრთხოებაა და შემდეგ კი – განათლება“, – ამბობს თამარ იარაჯული, ერთ-ერთი მშობელი.

ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში სიარულს ვერ შეძლებენ, შერეული სწავლების მოდელის მიხედვით, გაკვეთილზე დასწრებას დისტანციურად შეძლებენ. თუმცა, მშობლების ნაწილი სწავლების ამ მოდელის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მათი აზრით, ეს სწავლის ხარისხზეც აისახება.

„მომავალ წელს შეფასებები რომ დაიწყება, განსხვავებული შედეგები ექნებათ, ვინც დისტანციურად ესწრებოდა გაკვეთილებს და იმათ, ვინც სკოლაში დადიოდა. ამ ბავშვებს შორის მომავალ წელს დიდი სხვაობა იქნება. ხარისხი იქნება დაბალი“, – აცხადებს თამარ იარაჯული.

მასწავლებლები გაკვეთილებს ჯერ ისევ დისტანციურად ატარებენ, თუმცა სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად ემზადებიან. ამბობენ, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდანაა, თუმცა იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რომლებიც შერეული მეთოდით სწავლებას შეიძლება მოჰყვეს.

„ეს დიდ სირთულეებს შექმნის. ჯერ ერთი, იმ მხრივაც, რომ სხვადასხვა კლასისა და სკოლის მოსწავლეებს შეიძლება, განსხვავებული პროგრამა ჰქონდეთ. შესაბამისად, ბავშვების მზაობაც არ იქნება ერთი და იგივე. ეს შეანელებს ახსნის პროცესსაც. კლასის ის ნახევარი, რომელიც გაკვეთილს არ დაესწრება, მასალის ახლიდან ახსნას მოითხოვს, მეორე ნაწილისთვის, რომელიც გაკვეთილს დაესწრო, შეიძლება, რაღაც ისევ გაუგებარი  იყოს, შესაბამისად, ერთ საკითხზე დიდხანს შეჩერდნენ“, – ამბობს მასწავლებელი ნესტან ყავლაშვილი.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლას დისტანციური სწავლის გამოცდილება უკვე აქვს. ონლაინსწავლისთვის განსხვავებული მოდელი მუშაობს. ჰიბრიდული სწავლება კი სწავლის ხარისხზე არ აისახება.

„ეს მოსწავლესა და მასწავლებელზე, ასევე გაკვეთილის ჩატარების ხარისხზეა დამოკიდებული. ეს არის პროცესი, რომელიც ამ შემთხვევაში მასწავლებლებმა უნდა მართოს ვირტუალურ საკლასო ოთახში. იგივე მასწავლებლები ასწავლიან, იმავე ხარისხით, მაგრამ თუ შედარება იქნება, სასწავლო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს ვერაფერი ვერ შეცვლის”, – აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სკოლაში ყველა ვერ ბრუნდება. პედაგოგები იმედოვნებენ, რომ სრულფასოვანი სასწავლო პროცესი საქართველოში მალე აღდგება, რადგან, მათი აზრით, საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს სულ სხვა ხიბლი აქვს…

 

ავტორი: ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend