მთავარი კულტურა თბილისის ძველი სახლები რესტავრაციის მოლოდინში

თბილისის ძველი სახლები რესტავრაციის მოლოდინში

ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც ნიკო ფიროსმანაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, დღეს მისი სახლ-მუზეუმი მდებარეობს, თუმცა, როგორც გვერდით მდგარი სახლების უმრავლესობა, ისიც ავარიულ მდგომარეობაშია.

მარინა გიორგაძე უკვე 35 წელია ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ მერიის დაპირებით, 2018 წელს მისი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უკვე 2021 წელია და  მისი თქმით, მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

 
„მესმის, რომ  სახელმწიფოს უჭირს, თუმცა ქალაქში ნაკლებად მნიშვნელოვანი რაღაცებიც კეთდება, ვიდრე რეაბილიტაცია და სახლ-მუზეუმის მიხედვაა“, – ამბობს მარინა გიორგაძე.

მისივე თქმით, ჭერი დახეთქილია, სახლი დახრილი და დანგრევის პირასაა.

„ოთხმოციან წლებში აქ მხოლოდ ზოგიერთი ნაწილი გაამაგრეს. მას შემდეგ რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება. ყველა გვპირდებოდა, რომ გაგიმაგრებთო“, – ამბობს ლილი ბარნაბიშვილმა.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ავარიული სახლების რაოდენობა დათვლილი არ არის, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ძველი სახლების უმრავლესობა, განახლებას საჭიროებს. ამ სახლების ნაწილს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

„ადამიანებს გაუსაძლისი პირობები აქვთ. მე მინახავს სახლები, რომლებსაც კარი სულ არ სჭირდებოდა – ბზარიდან გადიოდნენ და შემოდიოდნენ, ესეთებიც არსებობს თბილისში. ამ ადამიანებს ძალიან რთული პერიოდი აქვთ, იმიტომ, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. სახელმწიფო ყველაფერს ერთიანად ვერ მიხედავს. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, უბრალოდ ეს სამუშაო პროცესი დროშია გაწელილი. აუცილებელია ძეგლების მესაკუთრეების მოტივაციის გაზრდა ძეგლის მოვლა-პატრონობაზე“, – განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა, ნიკა ანთიძემ.

სახლების ავარიულობის ხუთი ხარისხი არსებობს. ყველაზე მძიმე მდგომარეობას მეხუთე კატეგორია გულისხმობს, ხოლო პირველ და მეორე კატეგორიაში მინიმალური დაზიანებები იგულისხმება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

უბნების განახლება თბილისის განვითარების ფონდის ტურისტული მარშუტის მიხედვით ხდება, რომელიც საკრებულოს მიერაა დამტკიცებული.

„ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს დღევანდელი მდგომარეობა პანდემიის და ვირუსის გამო, რადგან ბიუჯეტზე წვდომა ჩვენც შეგვიმცირდა“, – თქვა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, ალექსანდრე ტოგონიძემ.

ავარიულობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა დრო და ბუნებრივი მოვლენები იყოს. ან სახლში მცხოვრებთა დაუდევრობა თუ გაუფრთხილებლობა. ამას ისიც ემატება, რომ რესტავრაციის მოლოდინში, სახლის ბინადართა ნაწილი, ბინებს თავად არემონტებს, რამაც შესაძლოა შენობა უფრო დააზიანოს.

თბილისი

„ბევრს კარადა აქვს შიგნით ჩაშენებული, ზოგს კარი აქვს გამოჭრილი. თვითონ მოსახლეობის მხრიდანაც არის ხშირი შემთხვევები, რომ სახლს კონსტრუქციული მდგრადობა შეუსუსტდეს“, – ამბობს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, ალექსანდრე ტოგონიძე.

ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლები რესტავრაციას უკვე მრავალი წელია უშედეგოდ ელოდებიან.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

თბილისითბილისი
Send this to a friend