დონალდ ტრამპი ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს: პირველად 2019 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო. ამჯერად კი მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება, რასაც 6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების კონგრესის შენობაში შეჭრა და ხუთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს 56-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 44 კი წინააღმდეგი იყო. მას შემდეგ, რაც სენატორებმა ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესს მხარი დაუჭირეს, დაიწყო განხილვა, რამდენად კანონიერი იყო ეს მოთხოვნა. დონალდ ტრამპის იურისტების განცხადებით, ეს იყო არაკონსტიტუციური, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა.
სენატის დემოკრატმა წევრებმა სასამართლოზე წარმოადგინეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ მიმართავს 6 იანვარს დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებმა ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვები უბრალოდ მიმართვა იყო და, შესაბამისად, სასამართლო სარჩელი უსაფუძვლოა.
ზოგიერთმა სენატორმა კაპიტოლიუმში მომიტინგეების შეჭრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ერთ-ერთი სენატორის თქმით, თავდასხმის დროს იგი თავის ქალიშვილთან ერთად იძულებული გახდა, დამალულიყო.
აშშ-ის სენატში ტრამპთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. საჭიროა სენატის ხმების ორი მესამედი, მათ შორის მინიმუმ 17 რესპუბლიკელის ხმა, იმისთვის, რომ იგი დამნაშავედ ცნონ. თუმცა რადგან დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიაში, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა იმ შემთხვევაში თუ დონალდ ტრამპს სენატის უზენაესი სასამართლო დამნაშავედ ცნობს, მას მომავალში ნებისმიერ თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალება.