მთავარიამბებიევროკავშირის ანგარიში - პოლიტიკური კომპრომისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ევროკავშირის ანგარიში – პოლიტიკური კომპრომისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.  თუმცა საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის. ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი. ანგარიში 9 თებერვალს გამოქვეყნდა.

ანგარიში   ევროკავშირი – საქართველოს  ასოცირების  საბჭოს  მორიგ სხდომამდე გამოქვეყნდა,  რომელიც  16 მარტს არის დაგეგმილი. დოკუმენტში შეფასებულია  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით  გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელი კმაყოფილია, რომ  საქართველო რეფორმების გზით მიდის, თუმცა თვლის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ  პოლიტიკურმა პარტიებმა კომპრომისების გზით იარონ.

”ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას,  რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა  და  აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020  წლის  საპარლამენტო არჩევნების  შემდეგ,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს  ინსტიტუციური  ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული  პოლიტიკური  სიტუაციიდან  გამოსვლის  გზა  გამონახოს.  ეს  საშუალებას  მისცემს  საქართველოს  პარლამენტს,  მიიღოს  გადამწყვეტი   ზომები მდგრადი  აღდგენისთვის  კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს  უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. გარდა ამისა, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან  კარგად  ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად,  რომ  მომავალი  წლებისთვის მოვემზადოთ”, –  განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა /  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ  მოლაპარაკებების საკითხებში, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს პანდემიის დაწყების დღიდან გვერდში ედგა და ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, საქართველოს გასულ წელს 183 მილიონი ევროს გრანტი  და 150 მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ევროკომისარი ამბობს, რომ ეს დახმარება გაგრძელდება.

„ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის   და  რეფორმების  დღის წესრიგის  წინ  წასაწევად,  იმისთვის, რომ მოხდეს  ასოცირების  შესახებ  შეთანხმების  სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება.  კავშირების  და  ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში  გადამწყვეტ როლს ასრულებს  და  მნიშვნელოვანია  ინვესტიციების გაზრდისათვის”, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ძირითადი დასკვნები

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან  (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა.  თუმცა ჯერ კიდევ  არსებობს  გამოწვევები საარჩევნო  რეფორმისა და სასამართლო  რეფორმის  სფეროებში. კვლავ პრიორიტეტად რჩება პოლარიზაციის აღმოფხვრა როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე მედიაში.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია“, – ნათქვამია ბრიუსელის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის  ყველა რეკომენდაციას. მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ისე რომ მოსამართლეთა დანიშვნის შემდეგ ეტაპამდე დაცული იყოს ჭეშმარიტი მორალური ღირებულებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ თავისი სავაჭრო სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა, სამომავლოდ კი აქცენტი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე და ცოდნის გავრცელებაზე უნდა გაკეთდეს. ანგარიში ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად, საქართველომ სტრუქტურული რეფორმები გააგრძელოს.

„ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ნაკადების ხელშესაწყობად ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით  გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად  და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები კვლავ მნიშვნელოვანია,  რადგან ისინი აუმჯობესებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და  ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება გარე ფაქტორებთან მიმართებაში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ურყევია ბრიუსელის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით.“, – ნათქვამია ევროკომისიის წლიურ შეფასებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend