მთავარიევროპასაბერძნეთიათენში კარანტინის გამოცხადება იგეგმება

ათენში კარანტინის გამოცხადება იგეგმება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ხუთშაბათიდან ათენში კარანტინი გამოცხადდება. ქალაქში დაიხურება მაღაზიები, ხოლო სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა. მოსახლეობა ამ ფაქტით უკმაყოფილო, ისინი ამბობენ, რომ შეზღუდვები ეკონომიკას აზარალებს. ზოგი კი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად მთავრობას კარანტინი უფრო ადრე უნდა გამოეცხადებინა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, თვის ბოლომდე ათენსა და ატიკის რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდება. ამ რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. ყოველდღე ინტენსიური თერაპიის პალატებში 15 ახალი პაციენტი ხვდება, საწოლების 70 პროცენტი უკვე დაკავებულია.

„ამ ხუთშაბათიდან 28 თებერვლამდე ატიკაში შეზღუდვები გამკაცრდება. იხურება მაღაზიები, ხოლო სწავლება დისტანციურ მეთოდზე გადავა. პირველი და მეორე ტალღებიდან ვისწავლეთ, რომ, რაც უფრო ადრე აწესებ შეზღუდვებს, მით უფრო მალე შეგიძლია მათი მოხსნა.“ – აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

კარანტინის გამოცხადებით უკმაყოფილო დარჩნენ ათენელი ბიზნესმენები. დიმიტრა სირიგუმ ტანსაცმლის მაღაზია რამდენიმე კვირის წინ გახსნა. ახლა მისი კვლავ დახურვა მოუწევს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მთავრობა ხალხის პრობლემებით არ ინტერესდება, მისი ოჯახი კი თავს უმწეოდ გრძნობს.

„ბიზნესი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ სახელმწიფო საკმარისად არ გვეხმარება. ახლა ისევ ყველაფრის დაკეტვას აპირებენ. რა უნდა ვქნათ? არაფერი, უბრალოდ სახლში ჩაკეტილები ვიქნებით. ამ ყველაფრის მერე შეიძლება ჩვენი ბიზნესი სამუდამოდ დაიხუროს.“ – აცხადებს ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე დიმიტრა სირიგუ.

ათენის ქუჩებში თითქმის ყველა მის მსგავსად ფიქრობს.  ხალხი ამბობს, რომ მთავრობამ პანდემიის მართვას თავი ვერ გაართვა. ბევრი შიშობს, რომ შეზღუდვების გამო სამსახურს დაკარგავს.

„მდგომარეობა ძალიან რთულია. დიდი ხანია, მძიმე წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. სახლში დავრჩებით, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს შეზღუდვები უფრო ადრე უნდა დაწესებულიყო, რომ ეს მდგომარეობა თავიდან აგვეცილებინა.“ – აცხადებს იურისტი ათინა მარმარა.

„უკვე მერამდენეჯერ წესდება შეზღუდვები. ხალხი დაიღალა. მათ სამსახურში პრობლემები აქვთ. ეკონომიკა განადგურების პირასაა.“ – აცხადებს სტუდენტი არის გრიტსასი.

ერთი წლის შემდეგ ათენელებს კვლავ მკაცრი შეზღუდვების დაცვა უწევთ. ხალხს მოთმინების ფიალა აევსო. პანდემიის შედეგებს ისინი კიდევ დიდხანს იგრძნობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend