მთავარიკუბისად და როდის გავიკეთოთ ვაქცინა - ფეისბუკი მომხმარებლებს დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდის

სად და როდის გავიკეთოთ ვაქცინა – ფეისბუკი მომხმარებლებს დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდის

ფეისბუკი,  კოვიდ-19-ის საინფორმაციო ცენტრის საშუალებით, თავის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, შევიდნენ  ჯანდაცვის ადგილობრივი სააგენტოების ვებგვერდზე, რომელზეც ისინი შეძლებენ  ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას.

ეს ფუნქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კვირაში ამოქმედდება, ხოლო  მსოფლიოს მასშტაბით – მომავალ კვირებში.

გარდა ამისა, ტექნოლოგიური კომპანია 120 მილიონი დოლარის სარეკლამო კრედიტით უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროებს, უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დაიწყონ ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოს მასშტაბით და ინფორმაცია მილიარდობით ადამიანს მიაწოდონ.

ფეისბუკმა 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო ვაქცინის წინააღმდეგ გამოქვეყნებული სტატუსების გაკონტროლება და ე.წ. ანტივაქსერულ ჯგუფებზე დაკვირვება.

ფეისბუკის ადმინისტრაცია თავის განახლებულ საინფორმაციო ბლოგში აღნიშნავს, რომ თანამშრომლობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და აგროვებდა  იმ ყალბ მტკიცებულებს, რომლებიც კოვიდ-19-თან და ვაქცინასთან დაკავშირებით ვრცელდება.

ფეისბუკის ხელმძღვანელობა აპირებს, წაშალოს თავისი გვერდიდან ცრუ ინფორმაციის შემცველი სტატუსები, რომელთა მიხედვით, თითქოს კოვიდ-19 ლაბორატორიაში შეიქმნა, რომ ვაქცინა არ არის ეფექტიანი და  რომ იგი აუტიზმს იწვევს.

ინფორმაციის შეგროვების ეტაპი დასრულდა და სოციალური ქსელი უკვე იწყებს მოქმედებას. ადმინისტრაციის ცნობით, წაიშლება ფეიბუკისა და ინსტაგრამის ანგარიშები, რომლებიც აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას, ასევე გაუქმდება ის ჯგუფები, რომელთა წევრებიც არღვევენ ფეისბუკის პოლიტიკას.

გარდა ამისა, უმჯობესდება ფეისბუკის საძიებო სისტემა. როდესაც მომხმარებლები ეძებენ ისეთი შინაარსის სტატუსებს,  რომლებიც დაკავშირებულია ვაქცინასთან, ფეისბუკის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, მათ სთავაზობს  ავტორიტეტული გამოცემებისა და უწყებების ინფორმაციას, ასევე ექსპერტების შეფასებებს, რათა მათ სხვადასხვა წყაროს გაცნობის შესაძლებლობა მიეცეთ.

ინსტაგრამის საძიებო სისტემაში გართულდება იმ ადამიანთა ანგარიშების პოვნა, რომლებიც საზოგადოებას ვაქცინის წინააღმდეგ განაწყობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend